საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 18:08 | 28.03.2016
ნანახია: 1489

დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს 24 მარტს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“, რუსეთის მოქალაქე რ.მ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მათ აღმოაჩინეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: TARGIN – 220 აბი, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები LORIVAN - 180 აბი და XANAGIS - 220 აბი. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილებას.

მსგავსი ფაქტები მოხდა, აგრეთვე, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. 25 მარტს, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს, ხოლო 27 მარტს - ერთი. სამივე შემთხვევაში კანონი ირანისა და თურქეთის მოქალაქეებმა დაარღვიეს.

აღნიშნული საქმეები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტსა და შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე