MDF - დავით ლორთქიფანიძის განცხადებები უდიდესი პოლიტიკური საფრთხის შემცველია

საქართველო, თბილისი - 17:52 | 28.03.2016
ნანახია: 1829

მედიის განვითარების ფონდის შეფასებით, ინგა გრიგოლიასა და მის შვილზე უმრავლესობის დეპუტატის დავით ლორთქიფანიძის განცხადებები "უდიდესი პოლიტიკური საფრთხის შემცველი ქმედებაა".

MDF-ის განცხადებით, 25 მარტს, ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით "სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი კომენტარი გააკეთა".

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დეპუტატის რეპლიკები უკავშირდებოდა ინგა გრიგოლიას განცხადებას 2016 წლის 14 მარტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. მაშინ მუქარის ობიექტთა შორის ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც მოხვდა, რომელმაც თქვა, რომ შანტაჟის არ ეშინია და გაჩუმებას არ აპირებს. 

"28 მარტს გაზეთ ალიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში კი, დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე არა მხოლოდ ჟურნალისტის პირადი ცხოვრებით, არამედ ინგა გრიგოლიას შვილის პოლიტიკური შეხედულებებით ("ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია") და სამსახურებრივი მდგომარეობითაც ("რომელ უწყებაში მუშაობს") დაინტერესდა. პარლამენტის წევრის დავით ლორთქიფანიძის საჯარო განცხადება ჟურნალისტის პირად ცხოვრებასთან მიმართებით და შემდგომ ამ თემის უკვე მისი შვილის მისამართით განვრცობა, არის არა მხოლოდ ადამიანური ეთიკის ფეხქვეშ გათელვა, არამედ უდიდესი პოლიტიკური საფრთხის შემცველი ქმედება, რომელიც ხელყოფს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთელი საზოგადოების ფუნდამენტურ უფლებებს და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას. მიგვაჩნია, რომ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომლსაც ის წარმოდგენს და ვისი სახელითაც მიმართავს საზოგადოებას" - აცხადებს მედიის განვითარების ფონდი.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე