დავით უსუფაშვილმა გაეროში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 17:50 | 28.03.2016
ნანახია: 1528

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა გაეროში აკრედიტებულ ელჩებს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებიც.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებ . საუბარი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატსაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაზეც, თავის მხრივ, ელჩებმა აღნიშნეს, რომ ისინი ერთგულნი არიან ამ პოზიციის და საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.

„ეს არის გაეროს ელჩების ვიზიტი საქართველოში, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე ეცნობიან იმ პრობლემებს, რომლებიც აქ არსებობს. ისინი აპირებენ, მოინახულონ ადგილები, სადაც დასახლებულნი არიან 2008 წლის ომის შემდეგ იძულებით ადგილნაცვალი ჩვენი თანამოქალაქეები, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზი და ხვდებიან შესაბამის სტრუქტურებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ იძულებით ადგილნაცვალ პირთა რეზოლუციასთან დაკავშირებით გავზარდოთ მხარდამჭერთა რაოდენობა, ბუნებრივია, და შევამციროთ რიცხვი იმ დელეგაციებისა, რომელიც არ უჭერდა ამ რეზოლუციას მხარს და ამავე დროს არაღიარების პოლიტიკის და დეოკუპაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გაეროს დელეგაციათა რაოდენობა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, მხარდამჭერების საქართველოს ინტერესების დასაცავად. ამიტომ, ბუნებრივია, ყოველთვის ამგვარი ვიზიტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ვიქტორ დოლიძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე