დავით ბაქრაძემ პარიზში ევროპელ მაღალჩინოსნებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველო, თბილისი - 11:29 | 26.03.2016
ნანახია: 1303

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში, პარიზში იმყოფებოდა, სადაც გაიმართა სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან არლემ დეზირთან, ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანთან ეგლიზ კოსტასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან  ნიკოლა დე რივიერთან.

შეხვედრებზე მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესსა და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრულობაზე ისაუბრეს. ფრანგული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა შეთანხმებების შესრულების პროცესში დახმარებისა და ხელშეწყობის თაობაზე.

საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირთან სავიზო გეგმით(VLAP) გათვალისწინებული რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძებებს და აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხები და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ჯეროვნად ასახვის პერსპექტივები. 

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს ქართული მხარის მიერ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, მათ შორის ევროკავშირის მისიებში შეტანილი წვლილისათვის. თავის მხრივ, დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გაწეული დახმარებისთვის.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე.

25 მარტს, პარიზის საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიაში, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული წიგნის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საფრანგეთში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების საელჩოების დიპლომატები, რეგიონის მკვლევარები, ჟურნალისტები, სტუდენტები, დოქტორანტები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეული სტუმრების წინაშე  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, მწერალმა და წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ და წიგნის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილმა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ქართულ-ევროპულ ისტორიულ და თანამედროვე კულტურულ მსგავსება-განსხვავებაზე, აგრეთვე, კრებულის მნიშვნელობაზე  ისაუბრეს და ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხეს.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე