ჯონ კერი: ვაშინგტონი და მოსკოვი ნორმალურ დიალოგს უბრუნდებიან

საქართველო, თბილისი - 18:40 | 25.03.2016
ნანახია: 1539

,,ვაშინგტონის სურვილია დაუბრუნდეს ნორმალურ დიალოგს მოსკოვთან და ამ მიმართულებით პროგრესი არსებობს“, - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანბმა ჯონ კერიმ ,,ტასს“.

შშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, მოსკოვში გამართეს ოთხსაათიანი შეხვედრა, რომელზედაც განიხილეს სირიასა და უკრაინაში შექმნილი ვითარება.

პუტინთან მოლაპარაკება კერიმ შეაფასა, როგორც „ნაყოფიერი“. მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც კერიმ აღნიშნა, რომ მან და პუტინმა იმსჯელეს აღმოსავლეთ უკრაინაში ქმედითი საზავო შეთანხმების მიღწევის გზებსა და უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს ბედზე. კერის თქმით, მან მოსკოვს მოუწოდა, სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნების ნება დართოს. ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა კერის სავჩენკოს საკითხში თავისი პოზიცია განუმარტა.

რუსმა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი უკრაინას „უბიძგებს“ მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ, რაც, ლავროვის თქმით, ხელს შეუწყობდა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების ნორმალიზებას. ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგას დაჰპირდა, რომ ამავე მიზნის მისაღწევად რუსეთი ზეწოლას მოახდენს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობაზე. ჯონ კერიმ ჟურნალისტებს აუწყა, რომ სირიის პრობლემაზე მსჯელობისას ის და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ ამ ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის საჭიროებაზე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე