სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები უწყებებს შორის ინტენსიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 17:31 | 25.03.2016
ნანახია: 1453

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა კოლეგასთან ედვარდ ნალბანდიანთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

ხაზგასმით აღინიშნა ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო, ტურიზმის, ენერგეტიკის და კულტურის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. 

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობის მეტად ინტენსიფიცირებაზე, რაც მათი შეფასებით ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ განვითარებას. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის მზარდ პოტენციალზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მისასალმებელია, რომ განსხვავებული საგარეო ინტეგრაციული პროცესების მიუხედავად ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და არსებობს შესაძლებლობა ეფექტურად იქნას გამოყენებული სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობები. მიხეილ ჯანელიძე გამოვიდა ინიციატივით ხელი შეეწყოს სამთავრობო ეკონომიკური დიალოგის ფარგლებში ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას.

კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის ტრადიცია.

შეხვედრის დასასრულს მინისტრების მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის ისტორიულ მეგობრობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგა მინისტრი საქართველოში მიიწვია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე