ორეგონის შტატში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში მომხდარ სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:54 | 02.10.2015
ნანახია: 2075

ცხრა ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ორეგონის შტატის ქალაქ როუზბურგის კოლეჯის საერთო საცხოვრებელში მომხდარი სროლის შედეგად.

პოლიციის თქმით, ადამიანი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

პოლიცია სავარაუდო დამნაშავის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ის დაახლოებით 20 წლის კრის ჰარპერ მერსერია.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მოხდა.

პრესა მანამდე ავრცელებდა დაუდასტურებელ ინფორმაციას 13 დაღუპულისა და 20 დაჭრილის შესახებ.

კოლეჯ Umpqua Community-ში სამი ათასამდე სტუდენტი სწავლობს. როუზბურგი ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდიდან 300 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და კვლავ ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ერთადერთი ქვეყანა არ ვართ დედამიწაზე, სადაც არსებობენ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები ან ისინი ვისაც სურთ სხვებს ზიანი მიაყენონ. მაგრამ ჩვენ მსოფლიოს ერთადერთი მოწინავე ქვეყანა ვართ, სადაც ასეთი მასობრივი სროლა რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე