მთავრობის ადმინისტრაციაში მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტს სახელი გადაერქმევა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 17.03.2016
ნანახია: 1402

მთავრობის ადმინისტრაციაში მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტს სახელი გადაერქმევა და სხვა დატვირთვას შეიძენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით,  სტრუქტურას დაერქმევა სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტი, რომელიც  მსხვილი ინფარსტრუქტურული  პროექტების შემთხვევაში, მოახდენს უწყებების კოორდინაციას.

„დეპარტამენტი მოახდენს კოორდინაციას ისეთი სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში, როგორიც არის აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ანაკლიის პორტი. ასევე, სამთო კურორტების მიმართულებით ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის კოხტა–მიტარბის კომპლექსის და გუდაურის სტრატეგიული განვითარება. დეპარტამენტი მოახდენს უწყებათა შორის კოორდინაციას. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს ისეთი საკითხები გადასაჭრელი, რომელიც უწყებათაშორისო ხასიათისაა. ეს არის, მაგალითად, ქონების მართვის კუთხით მიწის გამოსყიდვის საკითხი, გარემოს დაცვის კუთხით პროცესების მაქსიმალურად ხელშეწყობა,“–აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, სტრატეგიის ცვლილებაზე მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მუშაობს.

ამ სტრატეგიის ცვლილების უმნიშვნელოვანესი, განუყოფელი ნაწილი გახლავთ ადმინისტრირების მხრივ პროექტების დაჩქარება. სწორედ ეს დეპარტამენტი, რომელიც ახალი სტრუქტურა არ იქნება, მაგრამ თვისობრივად გარდაიქმნება, ხელს შეუწყობს ამ კუთხით უწყებათაშორის კოორდინაციას", - განაცხადა გორგი კვირიკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე