თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 15:24 | 16.03.2016
ნანახია: 1762

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ პრესკონფერენცია გამართა. თემურ თორდინავას განცხადებით,თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა. მისი თქმით,  დირექტორების გათავისუფლების მიზეზი მათზე დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა გახდა. 

თემურ თორდინავამ აღნიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად ბაღებში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის დარღვევები უმეტესად კვებისა და საწყობის ბლოკებში აღმოჩნდა. კერძოდ, შემოწმებისას მონიტორინგის სამსახურმა სხვა დარღვევებთან ერთად საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტებიც დააფიქსირა.

„აღსანიშნავია, რომ სააგენტოს წესდების თანახმად, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი. მოვუწოდებ ბაგა-ბაღების დირექტორებსა და თანამშრომლებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ბაღებში მონიტორინგი რეგულარულად გაგრძელდება და დარღვევის არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება“, -განაცხადა თემურ თორდინავამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე