ირაკლი კოვზანაძის წიგნის - „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი მოდელის ფორმირება“ პრეზენტაცია

საქართველო, თბილისი - 13:42 | 12.03.2016
ნანახია: 1769

 „თბილისი მერიოტში“ პროფესორ ირაკლი კოვზანაძის ახალი მონოგრაფიის - „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი მოდელის ფორმირება“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი არის ავტორის მონოგრაფიათა სერიის გაგრძელება, რომელიც ეკონომიკური კრიზისების ბუნებას, მათი პრევენციისა და დაძლევის სისტემურ ღონისძიებებს ეხება. ნაშრომი ეძღვნება 2007-2009 წლების ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც პრაქტიკულად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა.

ირაკლი კოვზანაძის თანახმად, მონოგრაფიაში გაანალიზებულია სხვადასხვა ეკონომიკური სკოლების მკვლევართა გამოკვლევები, კრიზისების დაძლევის ისტორიული და თანამედროვე გამოცდილება და გლობალური ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ტენდენციები. „წიგნში მოცემულია ამ კრიზისების მაკროეკონომიკური, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური ფაქტორები,“ აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

პრაქტიკული მასალების საფუძველზე წარმოდგენილია ავტორის საკუთარი შეხედულებები კრიზისების დაძლევის და ეკონომიკის მდგრადი განვითარების გზების შესახებ.

ცალკე პარაგრაფი ეთმობა საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის განვითარებას და მის პრობლემებს. ნაშრომში კვლევის ცალკე მიმართულებაა სხვადასხვა სახელმწიფოთა მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, მათი ეფექტიანობისა და საკმარისობის შეფასება. მონოგრაფიაში მოცემულია კონკრეტული მაგალითები ცალკეული ქვეყნების მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღებული შედეგების თაობაზე და ასევე გაკეთებულია მათი შეფასებასაც.

ნაშრომი, რომელიც თავისი ფორმითა და სტრუქტურით ფუნდამენტური მონოგრაფიაა, განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური სპეციალობების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე ინსტიტუტების და იმ პირებისთვის, რომლებზეც სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ეკონომიკური (გეოპოლიტიკური, მაკროეკონომიკური, ფინანსური, ფულად-საკრედიტო, ფისკალური და ა.შ.) პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა.

 ირაკლი კოვზანაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი; თსუ ფინანსების და საბანკო საქმის კათედრის გამგე. იგი სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ასევე ეწევა აქტიურ პროფესიულ საბანკო საქმიანობას. კოვზანაძე კარიერული ბანკირია და აქვს საქართველოს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების და ევროპის საბანკო სისტემებში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება. 2012-2015 წლებში ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობდა საპარტნიორო ფონდს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე