არჩილ ხაბაძე ლიტვის ელჩს გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:37 | 11.03.2016
ნანახია: 1362

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლიტვის ელჩს გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. ლიტვის ელჩი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უკვე მეორედ სტუმრობდა. არაოფიციალური ვიზიტი ლიტვის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართული ღონისძიებების ფარგლებში შედგა. გიედრიუს პუოჯუნასმა არჩილ ხაბაძეს ლიტვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია გააცნო.

13 იანვარს, „თავისუფლების დამცველები“ ლიტვის თავისუფლების დასაცავად დაეცნენ. იმ ღამეს დაიღუპა 14 ადამიანი. შემთხვევიდან რამდენიმე თვეში 1991 წლის 11 მარტს ლიტვა გამოეყო საბჭოთა კავშირს და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. 13 იანვრის მოვლენებიდან წელს 25 წელი გავიდა.

„სიმბოლურია ჩვენთვის 1990 წლის 11 მარტს ლიტვაში მომხდარი მოვლენები. ჩვენი ქვეყნები იმთავითვე გამოირჩეოდნენ თავისუფლების სიყვარულით, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი ურთიერთობებით. დღესაც, საქართველოს და ლიტვას ახლო პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლობის ყველა სფეროში. მიხარია, რომ თანამშრომლობა რეგიონალურ დონეზეც გააქტიურებულია და აჭარა-ბათუმთან მიმართებაშიც არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება: გაფორმებულია დამეგობრების მემორანდუმი ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ პალანგას შორის, მოხდა სოფლად განვითარების სპეციალისტების გადამზადება ქალაქ ვილნიუსში, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აჭარაში სოფლად ტურიზმის სერვისების განვითარებისა და სხვა საინტერესო ინიციატივების უშუალო მხარდამჭერია“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

მოგვიანებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ლიტვის ელჩთან ერთად ლიტველი მხატვრის ვიტაუტას დარაშკევიჩიუსის გამოფენას „თავისუფლებისაკენ“ დაესწრნენ. გამოფენა აღწერს ლიტველი ერის გზას საზოგადოებრივი მოძრაობის „საიუდისის“ შექმნის პერიოდიდან ლიტვის მიერ დამოუკიდებლობის სრულიად მოპოვებამდე და ლიტველი ხალხის თავისუფლების წყურვილს, სწრაფვასა და შემართებას ასახავს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე