დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ADB-ის ახლადდანიშნულ მუდმივ წარმომადგენელ იეშიმ ელჰან კაიალს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:52 | 30.09.2015
ნანახია: 1745

30 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალდანიშნულ მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე მიმდინარე პროგრამებზე და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის აქტიური კომუნიკაცია და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

2014-2018 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის (CPS) მიხედვით, საქართველო ADB-სგან მხარდაჭერას მიიღებს შემდეგ სფეროებში: გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა, მმართველობა, გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება.

მიმდინარე წლის დასაწყისში, ADB-მ დაამტკიცა 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რესურსების ათვისების რეფორმების ხელშეწყობის მიზნით, ასევე პირველად გამოუშვა ლარში დენომინირებული ობლიგაციები რის შედეგადაც მოიზიდა 100 მილიონი ლარი კაპიტალის ბაზრისა და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად.

საქართველო ADB-ის წევრი 2007 წლიდან გახდა და 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებულმა სესხებმა 1.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ქვეყანასთან თანამშრომლობის მიმდინარე სტრატეგიის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების სავარაუდო მოცულობა 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე