ქართული კონტინგენტი ავღანეთში მიემგზავრება

საქართველო, თბილისი - 12:45 | 30.09.2015
ნანახია: 2093

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში ჩართვისთვის ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, 23-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე მისიაში მონაწილე ქვედანაყოფებისთვის საბრძოლო დროშის გადაცემით დაიწყო. ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილეებმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით ებრალიძემ. მათ სამშვიდობოებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

„პრობლემები, რომლებიც უცაბედად გვატყდება თავს ეს არის შორს წარმოქმნილი პატარა ნიავიდან შექმნილი ქარიშხალი. მართალია ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს - კოალიციაში მონაწილეებს, რომ ჩვენ თქვენ გეხმარებით; ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აგრძელებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში თავისი წვლილის შეტანას. მაგრამ ამავე დროს გვჯერა, რომ ყველგან სადაც ვიცავთ მშვიდობას, ვიცავთ საქართველოს. ამიტომ სიმაყით უნდა ვიყოთ იქ, სადაც ვართ და ვიცოდეთ, რომ ეს არის ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენი ოჯახებისთვის“, - აღნშნა დავით ებრალიძემ სიტყვით მიმართვისას.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება: „ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს სამხედრო მოსამსახურეების სამსახურითა და წვლილით, რომელიც მათ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში შეაქვთ. საქართველო ასევე უნდა ამაყობდეს ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს პირველი კლასის რიგითი ყულჯანიშვილი გახდა. მეამაყება, რომ ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითებიც მონაწილეობენ. ისინი ქართველ სამხედროებთან ერთად გადიან წვრთნას. უკვე შვიდი წელია ამერიკელი სამხედროები ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მხარდამხარ ასრულებენ მისიას. მქონდა შესაძლებლობა პირადად მენახა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს სამხედროები მზად არიან ავღანეთში მისიის შესასრულებლად.“

ღონისძიების დასასრულს ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამერიკელი საზღვაო ქვეითები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული კი ქაბულში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონსი ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. მათი მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის დაცვა იქნება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე