ყველა შეხვედრაზე ჩანდა პოზიტიური დამოკიდებულება, გერმანია მხარს უჭერს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ხათუნა სამნიძე

საქართველო, თბილისი - 16:29 | 02.12.2022
ნანახია: 246

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ღიად ვსაუბრობთ, ყველა შეხვედრაზე ჩანდა პოზიტიური დამოკიდებულება, რომ გერმანია დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით, მხარს უჭერს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. იუწყება პირველი არხი.

„შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა ძალიან ცოტა ხნით და ამას უსვამენ ხაზს ჩვენი პარტნიორები. გერმანიის მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ღიად ვსაუბრობთ, გადაჭრის გზებზეც ვესაუბრებით, ყველა შეხვედრაზე ჩანდა პოზიტიური დამოკიდებულება, რომ გერმანია დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით. მხარს უჭერს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის დამსახურება არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის და იმ 30-წლიანი გზის, რაც გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირობის კეთილსინდისიერად შესასრულებლად, რათა დახმარება, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები გვპირდებიან, მათი მხრიდან შესაძლებელი იყოს.

12 პუნქტის შესრულებას სჭირდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა, რაც ურთულესია, მაგრამ ეს არის ჩვენი გამოწვევა, ჩვენი ტვირთი და ეს პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, პირველ რიგში, ხელისუფლებამ და უნდა შევძლოთ ოპოზიციამ, დაპირისპირების მიუხედავად, ერთად ვიმუშაოთ 12 პუნქტზე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის დედაქალაქში შეხედრებს მართავს.  საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან: ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე