არ შეიძლება ოპოზიციონერის ოჯახის წარმომადგენელი, მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციაზე ექნება წვდომა - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 15:15 | 02.12.2022
ნანახია: 257

პარლამენტის პირველი-ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის, ნატა ქორიძის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებას და ამბობს, რომ არ შეიძლება ოპოზიციონერის მეუღლე მუშაობდეს იქ, სადაც მას საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ექნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნატა ქორიძემ განაცხადა, რომ სამინისტროდან გაათავისუფლეს, მიზეზად კი რეორგანიზაცია დაუსახელეს.

„მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რასაკვირველია იგი არ შეიძლება უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღიურად და მგონია, რომ სწორედაც ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მაგრამ გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს – მე არ ვიცი. ეტყობა, რაღაც მიზეზი იყო ამისთვის, იმიტომ რომ არ შეიძლება ოპოზიციის ასეთი პიროვნების წარმომადგენელი, მისი ოჯახის წარმომადგენელი, მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციაზე ექნება წვდომა. მე არ ვიცი, ეს რეალობა არსებობს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ არ შეიძლება,“ – თქვა დღეს ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთოხების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზურაბ ჯაფარიძის ცოლი ნატა ქორიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 17-წლიანი საქმიანობის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს.

„დიდხანს ვიფიქრე რა და როგორ დამეწერა. და დავწერ მარტივად. გასულ კვირას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლეს: რეორგანიზაციის შედეგად შენი თანამდებობა (უსაფრთოხების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია) უქმდებაო. ვისაც უმუშავია სახელმწიფო სექტორში, იცის, სიტყვა რეორგანიზაცია განსაკუთრებული, ორაზროვანი შინაარსის მატარებელია. ასე იყო და ასე დარჩა“, — წერს ქორიძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე