ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი დასრულდა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 30.09.2015
ნანახია: 1929

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბორჯომის რაიონში იმყოფებოდა, სადაც გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილესთან შამბი შორპისთან ერთად, პროექტის - „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“ შედეგებს ადგილზე გაეცნო. პროექტი, ფინეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2010 წლიდან ხორციელდება და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის მასივის აღდგენას ითვალისწინებს. 2008 წელს ხანძრის შედეგად ბორჯომის ხეობაში 950-მდე ჰა ფართობი დაზიანდა, აქედან სრულად განადგურდა 250 ჰექტარი.

 

სულ პროექტის ფარგლებში 80 ჰექტარზე დაირგო 120 ათასზე მეტი მუხის, ფიჭვისა და ნაძვის ნერგი. 60 ჰექტარზე სამუშაოები ჩატარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითრების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო 20 ჰექტარზე - ავსტრიის მთავრობის დახმარებით. გაიხსნა საცდელი სასკოლო სანერგე, რომელიც ნორჩი მეტყევეების განათლებას ემსახურება და ნერგებით ამარაგებს ტყის აღდგენით სამუშაოებს.

დღესვე, გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შამბი შორპიმ, ეკოკლუბელებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აგრძელებს ნახანძრალი ტყის კრიტიკული მონაკვეთების აღდგენით სამუშაოებს და მომდევნო 5 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს აღდგენილი ფართობების მოვლა-პატრონობას.

ღინისძიებას გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე