"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 20:45 | 22.09.2022
ნანახია: 345

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებულს, გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი დისტანციურად წარიმართა.

როგორც დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, ტერორისტული აქტის განზრახვა არ ჰქონია.

„არასოდეს გამივლია გულში, რამე ტერორისტული აქტი ჩამედინა. უბრალოდ ჩავიდინე დანაშაული, ოღონდ ტერორისტული აქტის განზრახვა არ მქონია“, – განაცხადა გრიგოლ ნარსიამ.

​პროცესზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. დაცვის მხარე კი, 100 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

გრიგოლ ნარსია ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე