Amnesty: მარიუპოლის თეატრის დაბომბვა აშკარა ომის დანაშაულია

საქართველო, თბილისი - 12:20 | 30.06.2022
ნანახია: 258

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 16 მარტს მარიუპოლის დრამატულ თეატრზე საჰაერო თავდასხმა "აშკარა ომის დანაშაულად" შეაფასა.

Amnesty International თითქმის 3 თვის განმავლობაში აგროვებდა მტკიცებულებებს და 30 ივნისს გამოაქვეყნა თავისი დასკვნითი ანგარიში, რომელიც მოიცავს 52 ადამიანის ისტორიას - დაბომბვას გადარჩენილებისა და მოწმეებისა. მათგან 28 რუსული ავიაციის თავდასხმის დროს თეატრის შენობაში ან მის მახლობლად იმყოფებოდა.

"მარიუპოლის თეატრზე თავდასხმა არის აშკარა ომის დანაშაული, რომელიც ჩადენილია რუსეთის ჯარების მიერ", - თქვა ორგანიზაციის გერმანიის ოფისის წარმომადგენელმა ჯულია დუქროუმ.

მისი თქმით, სავარაუდოდ, შენობაზე ორი 500-კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს.

ამავდროულად, უფლებადამცველებმა შეამცირეს საჰაერო თავდასხმის მსხვერპლის მინიმალური რაოდენობა - ახლა ისინი ამბობენ, რომ სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და "მრავალი" მძიმედ დაშავდა.

როგორც Amnesty International განმარტავს, ეს განპირობებულია იმით, რომ მარიუპოლის მრავალმა მცხოვრებმა, რომლებმაც თეატრს შეაფარეს თავი, შენობა თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვეს, ხოლო დანარჩენი უმეტესობა იმალებოდა სარდაფში ან შენობის სხვა ნაწილში, რომელიც აფეთქების შედეგად ძლიერ არ დაზიანებულა.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ მარიუპოლის თეატრზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევდა.

უკრინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი მრავალი კვირის განმავლობაში ალყაში იყო მოქცეული რუსული ჯარების მიერ. მაისის შუა რიცხვებიდან ქალაქი ფაქტობრივად რუსული ძალების მიერ არის ოკუპირებულია. არსებობს ვარაუდი, რომ მრავალკვირიანი ალყისა და ბრძოლების შედეგად, საპორტო ქალაქში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე