ბათუმში უსახური საცხოვრისების ნაცვლად კიდევ ერთი სახლი აშენდება

საქართველო, თბილისი - 16:19 | 29.09.2015
ნანახია: 1851

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩა 108-112-ში უსახური საცხოვრისების ნაცვლად კიდევ ერთი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა. კომპანია „Mardi Holding“-ის მიერ სახლის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრამდე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, ქალაქის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ, კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი თურმანიძემ და საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა არჩილ ჯანყარაშვილმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც კაფსულით საცხოვრებელი სახლის საძირკველში ჩაუშვეს.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობით 3 500 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. 127 ბინიანი სახლი 1100 კვ. მეტრზე განთავსდება. პროექტში ჯამში 50 ადამიანი დასაქმდება. ახალი ბინები საკუთრებაში 11 ოჯახს გადაეცემა. მშენებლობა 2016 წლის დეკემბერში დასრულდება.

აჭარის ა.რ. მთავრობამ აღნიშნული პროგრამა ქ. ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის შეიმუშავა. აღნიშნული პროექტით აჭარის რეგიონში მოხდება: მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; ქალაქის განაშენიანების ხელშეწყობა; სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოდის საფინანსო ორგანიზაციის წინაშე დაინტერესებული პირის თავდებად, რომელიც ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ბარაკის ტიპის უსახური შენობების ნაცვლად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს განათავსებს; პროგრამის ფარგლებში თავდებობის თანხის ოდენობა განისაზღვრა 20 მილიონი აშშ დოლარით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე