„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდა

საქართველო, თბილისი - 17:58 | 19.02.2016
ნანახია: 1915

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 19 თებერვლის საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს კომპანიის მხრიდან სალიცენზიო პირობების დარღვევა წარმოადგენს.

კერძოდ, 2015 წლის 16 სექტემბერს მოქალაქე თ.ჭიჭინაძემ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მიმართა წერილობით და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყალმომარაგების სისტემაზე დაერთების მიზნით კომპანიისგან ტექნიკური პირობის გაცემა მოითხოვა, რაზეც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უარი განუცხადა.

მოქალაქე თ.ჭიჭინაძე არ დაეთანხმა კომპანიის მითითებას და განცხადებით მიმართა კომისიას. კომისიამ სადავო საკითხი 2016 წლის 27 იანვრის საჯარო სხდომაზე განიხილა და მიიჩნია, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ქმედება ეწინააღმდეგებოდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებს“ და მოქალაქის მოთხოვნა დააკმაყოფილა - საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კომპანიას ტექნიკური პირობის გაცემა დაავალა.

2016 წლის 19 თებერვლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაეკისრა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა, რადგანაც კომპანიამ არ შეასრულა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე