„იმდენი რამ იყო გაფუჭებული, შეუძლებელია, ასე უცბად სრულფასოვანი დემოკრატია ამოქმედდეს“ - თინათინ ხიდაშელი

საქართველო, თბილისი - 13:42 | 18.02.2016
ნანახია: 1553

„ჩვენ სულ სამი წელია, ხელისუფლებაში ვართ. იმდენი რამ იყო გაფუჭებული, რომ შეუძლებელია ასე უცბად, ერთ დღეში სრულფასოვანი დემოკრატია ამოქმედდეს. ეს არის ძალიან გრძელი პროცესი, უბრალოდ ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს და ამიტომ ვჩქარობთ. ამ სიჩქარეში შეიძლება რაღაც შეგეშალოს კიდეც, მაგრამ მთავარია ამ შეცდომაში არ გაჯიუტდე“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარის“ ეთერში. თინათინ ხიდაშელმა იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ერთობა, ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ერთობა. წევრ ქვეყნებს თავდაცვისუნარიანობის თავსებადობის კუთხით მაღალი ხარისხი აქვთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან დემოკრატიული სახელმწიფოები. ბუნებრივია, რომ მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ვერ იქნება უწყება, რომელსაც უყურებენ, აანალიზებენ, მონიტორინგს უწევენ. 2012 წლის შემდეგ ჩვენ გადასაწყვეტი გვქონდა სამი ამოცანა: ყველაზე სასწრაფო იყო, გაგვეწყვიტა უკანონობის ის ჯაჭვი, რომელიც ერთი ადამიანის კანონზე მაღლა დგომას და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველაფერში ჩარევას მოიცავდა. მეორე ამოცანა იყო ინსტიტუციური რეფორმების პაკეტების შემუშავება, სასამართლო რეფორმა... ჩვენი სფერო რომ ავიღოთ, მაგალითად, სამხედრო პოლიცია იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური ძალადობის და ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, უნდა შეცვლილიყო და სერიოზული რეფორმები გატარებულიყო, რაც ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს ნამდვილად გაკეთდა. მესამე იყო თავისუფალი აზროვნების პრობლემა... რასაც პროკურორი ეტყოდა მოსამართლეს, ის უნდა დაეწერა განაჩენში. ამიტომ, ის აღარ აზროვნებდა. იცოდა, რომ უნდა გადაეკოპირებინა ტექსტი. ჩვენი ამოცანა იყო, ვიდრე რეფორმა დასრულდებოდა, ქაოსი არ ყოფილიყო ქვეყანაში“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ რეფორმები განხორციელდა, მაგრამ პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და ხელისუფლება ამას არც მალავს.

„ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამ თვალსაზრისით განწყობებს ჩვენ მიმართ, ამის ყველა საფუძველი მაქვს. უამრავი შეხვედრის, კონფერენციის, საერთაშორისო ღონისძიების, სამიტის, მინისტერიალების მონაწილე ვარ ამ სამი წლის განმავლობაში და ზუსტად ვიცი, როგორი არის განწყობა, როდესაც კარი იხურება და უკვე გულწრფელი საუბარი მიდის მხარეებს შორის და კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმით ვუყურებ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის რესურსს, რომელიც საქართველოში არსებობს და რომელსაც შეუძლია, რომ ეს წინააღმდეგობები გადალახოს, თუ ხელოვნურ ბარიერებს მოვუხსნით“,- განმარტა თავდაცვის მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე