ნოდარ ხადური უალკოჰოლო სასმელების ელეტრონული მარკირებით საბიუჯეტო შემოსავლების ზრდასთან ერთად, დანაკარგების პრობლემის მოგვარებასაც ელოდება

საქართველო, თბილისი - 13:24 | 29.09.2015
ნანახია: 1978

 

1-ელი ნოემბრიდან უალკოჰოლო სასმელების წარმოება მარკირების ელექტრონულ წესს დაემორჩილება. თუმცა ვიდრე ახალი წესი ძალაში შევა, ფინანსთა სამინისტრო იმ კომპანიების დათვალიერებას ახდენს, სადაც სამომავლოდ არალკოჰოლური სასმელების მარკირება მოხდება. ამ მიზნით ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს, ნატახტარში, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოში, სს “ქართული ლუდის კომპანიაში“ იმყოფებოდა.

ნოდარ ხადური კომპანიის ბრენდული ლუდებისა და ლიმონათების ჩამოსხმის პროცესს ადგილზე გაეცნო. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები გახდა.

როგორც ცნობილია,  ფინანსთა სამინისტრომ მწარმოებელ კომპანიათა თხოვნა გაითვალისწინა და სეზონურობასთან დაკავშირებით მარკირების დაწყების თარიღი 1 ნოემბრამდე გადაავადა.  

როგორც ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა განმარტა, ფინანსთა სამინისტროს მიზანია, ბრძანების ამოქმედებამდე, ყველა დაინტერესებული მხარე კიდევ ერთხელ გაეცნოს მთავრობის არგუმენტებსა და წინადადებებს, ასევე საწარმოები მაქსიმალურად მზად შეხვდნენ აღნიშნულ პროცესს.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავრობის ამოცანაა: აღნიშნულ სფეროში მოწესრიგდეს აღრიცხვა, ბიზნეს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო არ გაძვირდეს პროდუქცია.

უკვე ცნობილია, რომ მარკირებისათვის საჭირო თანხებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს. რაც ნიშნავს, რომ უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხარჯები რჩება იგივე,  ამასთანავე, ეს თანხა არ დააკლდება არც ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტს, რადგან თანხას შემოსავლების სამსახური გაიღებს საკუთარი შემოსავლებიდან. ამასთან, მარკირების სისტემის დანერგვით, ბიზნესთან მიმართებაში შემცირდება საგადასახადო შემოწმებების ოდენობა, ვინაიდან ფისკალურ სამსახურებს ონლაინ რეჟიმში ეცოდინებათ ინფორმაცია და რისკები ამ სფეროში იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, ასევე მოწესრიგდება ე.წ. დანაკარგების თემა. მნიშნელოვანია, რომ ელექტრონულ მარკირებას არ დაექვემდებარება საექსპორტო საქონელი.  აღნიშნული სფეროდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული სხვა მიმართულებების დაფინანსებას.  

“დღეს მქონდა შესაძლებლობა დარგში არსებული ერთ-ერთი საუკეთესო საწარმო დამეთვალიერებინა. როგორც იცით, 1-ელი ნოემბრიდან შემოდის სავალდებულო მარკირება და გავეცანი საწარმოში არსებულ ვითარებას. საწარმო არის მზად. არავითარი ტექნიკური პრობლემა არ იქნება. პრაქტიკულად ერთ ღილაკზე დაჭერა სჭირდება იმას, რომ საწარმომ მუშაობა დაიწყოს. მარკირების ღირებულებას გადაიხდის შემოსავლების სამსახური და ეს არ დააწვება არც კომპანიას და არც მომხმარებელს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ერთობლივად მივაღწიოთ სამ მიზანს: პირველი ეს არის, რომ დარგში აღრიცხვიანობა მოვაწესრიგოთ და სრულად აღრიცხული იყოს პროდუქცია; მეორე არის ის, რომ პროდუქცია არ გაძვირდეს და მესამე არ იყოს ტექნიკური ბარიერები წარმოებისათვის. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით სამივე ამოცანა, სამივე მიზანს ერთობლივად მივაღწიეთ. 1-ელი ნოემბრიდან, როდესაც არაალკოჰოლური სასმელების მარკირების წესი ამოქმედდება ყველა ბოთლი, გარდა საექსპორტო პროდუქციისა იქნება მარკირებული და თითოეული ბოთლიდან მიღებული შემოსავალი ჩადგება ხალხის სამსახურში“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, იმ საწარმოებში სადაც ელექტრონული მარკირების აპარატი ამ დრომდე არ დგას, 1-ელ ნოემბრამდე აუცილებლად დამონტაჟდება.

„სხვა კომპანიებს რაც შეეხება, ის კომპანიები, რომლებიც ასხამენ ალკოჰოლურ სასმელებს, მათ შორის ლუდს დიდიხანია აქვთ ასეთი აპარატურა. კომპანიას, რომელთანაც ხელშეკრულება 2012 წელსაა დადებული, საწარმოებში ანალოგიური აპარატურა უკვე შეტანილი აქვთ. არის საწარმოები, რომლებშიც ეს აპარატურა ახლა შევა. მინდა გითხრათ, რომ არანაირი ტექნიკური პრობლემა არც ერთ საწარმოს არ შეექმნება, იმდენად მარტივია ამ აპარატურის დამონტაჟება“- აღნიშნა მინისტრმა.

ნოდარ ხადური არაალკოჰოლური სასმელების წარმოებისას მარკირების წესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდასაც ელოდება.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წესის ამოქმედების შემდეგ გამოსწორდება და გაიზრდება შემოსავლები ბიუჯეტში. თუმცა ჩვენ იმავდროულად გვჯერა ჩვენი მეწარმეების, რომ აღრიცხვიანობა მოწესრიგებული აქვთ, თუმცა ელექტრონულ დათვლას სულ სხვა ელფერი აქვს“- აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ გარდა საშემოსავლო ეფექტისა, მარკირების ელექტრონული წესის ამოქმედებას საწარმოო დანაკარგების პრობლემის მოგვარების მხრივაც, დიდი დატვირთვა ენიჭება.

„აღნიშნული აპარატურის დამონტაჟებისა და ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მთლიანად იხსნება დანაკარგების თემა. ისევე, როგორც სხვა პრობლემები, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს გადამხდელისათვის, მომხმარებლისათვის, თუმც საბოლოო ჯამში პრობლემას უქმნის საწარმოს. დამატებითი შემოწმებაა საჭირო, დამატებით მოსვლაა საჭირო. მე ვიცი, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები პრობლემებს არავის არ უქ   მნიან, მაგრამ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საწარმოში ყოფნა მაინც პრობლემას ქმნის. ამიტომ ცხადია, რომ უნდა გადავიდეთ და გამოვიყენოთ ტექნოლოგიური მიღწევები, რომელიც საშუალებას მოგვცემს დისტანციურად გავაკონტროლოთ პროცესები და საწარმომ იმუშაოს და ასევე ის ნათელი იყოს ბიუჯეტის წინაშე.

მინდა გითხრათ, რომ საწარმოები ხშირად გვთხოვენ, რომ იქ ჩვენმა თანამშრომელმა თითქმის ყოველდღიურად იარიოს, რათა აღირიცხოს დანაკარგები“,- აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

სს “ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორის ვასილ სულხანიშვილის განცხადებით, ქარხანა ტექნიკურად მზადაა, სავალდებულო ელექტრონულ მარკირებას დაექვემდებაროს საწარმოს მიერ გამოშვებული უალკოჰოლო სასმელები.

„მარკირების თემას რაც შეესება, ჩვენი საწარმო 2012 წელს გაიხსნა და პირველივე დღიდან საწარმოში მარკირების აპარატურა გვიდგას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიონერების ვართ ამ საკითხში. მუშაობის 3 თვე იყო სატესტო, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივად გაეშვა. მარკირების მხრივ რაიმე ტექნიკური პრობლემა, ჩვენ არ გვქონია. პრობლემა ჩვენი ფინანსთა სამინისტროსთან მხოლოდ გადასახადის საკითხი იყო. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ამ მიმართულებით საჭირო გადასახადს ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის, შესაბამისად პრობლემები აღარ არის. მომსახურებას გაგვიწევს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაქირავებული კომპანია, ხოლო მომსახურების საფასურს გადაიხდის შემოსავლების სამსახური. ჩვენთვის ტექნიკურად სხვა პრობლემა არ არსებობს,“ - აღნიშნა ვასილ სულხანიშვილმა.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ უწყება მზადაა მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდეს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებთან,  რათა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობით მოხდეს აღნიშნულ სფეროში მეტი გამჭირვალობის უზრუნველყოფა.  ფინანსთა სამინისტროს პოზიციაა, მუდმივად გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ბიზნესინტერესები და არ შეიქმნას სირთულეები სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობისას.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე