„17 თებერვალი ჩვენი გაცნობის დღეა“ - ბელა ალანიას ემოციური მილოცვა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 17.02.2016
ნანახია: 2037

შალვა ნათელაშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც იუბილარ მეუღლეს, შალვა ნათელაშვილს მიუძღვნა.

„არ გიცნობდი, ნანახიც კი არ მყავდი, თუმცა როცა ტელეფონით გესაუბრე, თვითონაც არ ვიცი, ძალიან რატომ დავიბენი. შენმა ხმამ მომნუსხა. ცოტა ხანში, შეთანხმებისამებრ, მოსკოვის, მაშინდელი ლენინის პროსპექტის ერთ-ერთი გაჩერებისკენ გავეშურე. მელოდი. მაღალი, ტანადი " გრუზინი" ყურადღებას იპყრობდი. 
_ ეჭვი გეპარებოდათ, რომ მოგაგნებდით? ხედავთ, მოსვლა დაგასწარით, _ მითხარი და არ გიცდია ჩემი შეთვალიერება. 
_ ეტყობა, მოსკოვს კარგად იცნობთ. მიხარია, რომ ლოდინი არ მომიწია. ძალიან არ მიყვარს. ალბათ შინ გავბრუნდებოდი. ცივა დღეს. _ თავი დავიფასე მე. 
_ მე ხომ აქ დიპლომატიურ აკადემიაში ვსწავლობ, ასპირანტურაში. რა თქმა უნდა, ქალაქს ვიცნობ. კიდევ კარგი, დროზე მოვედი. 
_ წავიდეთ. დაღლილიც იქნებით, აეროპორტიდან მოდიხართ. სახლში ნორა დეიდა გველოდება. გიას დაკავებას ვერ ეგუება. ის ხომ პოლიგრაფიული ინსტიტუტის ფრიადოსანი, გამორჩეული სტუდენტი იყო. ბიჭმა შეურაცხყოფა ვერ აიტანა, როცა ქართველობა გაულანძღეს მეტროში და შური იმით იძია, ქალბატონს თავიდან ქუდი მოგლიჯა და რელსებში ჩაუგდო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ახალგაზრდობით, სიფიცხით მოუვიდა. არადა, გია კარგი ბიჭია, ჩემი ძმის კლასელია. ამიტომაც ჩემთან სტუმრობენ მისი ახლობლები. 
_მე ყველაფერს გავაკეთებ, როგორმე სასჯელი შევუმსუბუქოთ. ვერავინ გაბედავს მასზე შურისძიებას. საქართველოს პროკურატურიდან სპეციალურად ამ საქმის გამო ჩამოვედი._ ისე იმედიანად მითხარი, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდი.
ბარდნიდა. ჩვენ ნელა მოვუყვებოდით ჩემ სახლამდე გზას როგორ ლამაზად ბარდნისო, მითხარი. მერე ვდუმდით. ეს გზა გრძელი მეჩვება. 
ჩემი სახლი სტუმრებით იყო სავსე. დიდხანს ბჭობდით, როგორ დაგეხსნათ გია გასაჭირისგან. იმ ღამეს ჩვენთან დარჩი. უადგილობის გამო დერეფანში გაგიშალეთ ე.წ. ლეჟანკა. დილით ადრე ავდექი. დიდხანს ვაკაკუნე. მივხვდი, რომ წასულხარ. 
გიას ექვსი თვით პირობითი სასჯელი მისცეს. მალე სწავლაც გააგრძელა. 
1983 წლის 17 თებერვალი ჩვენი გაცნობის დღეა. მოგვიანებით გავიგე, რომ შენი დაბადების დღეც ყოფილა. 
რამდენიმე ხნის შემდეგ მითხარი, რომ შენი დაბადების დღის საჩუქარი ვყოფილვარ. 
ეგ მართლა ასე იფიქრე თუ ამ სიტყვებით "აბამდი უჭკუო სტუდენტ გოგონას?  მაგრამ ქალი რომ გულით ფიქრობს, ეგ ნამდვილად ვიცი და მეც დაგიჯერე. 
არ გამაბრაზო, თორემ კიდევ ერთხელ დერეფანში დაგაძინებ. თუმცა, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მაშინდელივით აწი ვეღარ გამეპარები. 
გილოცავ დღეობას ჩემო  წელს უკვე ოცდამეცამეტეჯერ. სანამ ასი წელი, კიდევ ასჯერ არ მოგილოცავ, არ დაგეხსნები, იცოდე. ჰოდა, გამიძელი“, - წერს ბელა ალანია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე