გუგული მაღრაძე: არჩევნებზე ვეღარ გამოვიყენებთ სლოგანს - „ნაცმოძრაობა“ არ ვარგოდა და ჩვენ ვვარგივართ

საქართველო, თბილისი - 11:26 | 17.02.2016
ნანახია: 3128

საქართველო სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის ემზადება. სტამბოლს კონვენცია არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ევროსაბჭომ მიიღო და გულისხმობს იმას, რომ ქვეყანამ უნდა განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები ქალთა დისკრიმინაციისა და ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგ. კონვენცია უკვე 44 ქვეყანაში იქნა რატიფიცირებული. 2014 წელში საქართველოს სახელით კონვენციას ხელი თეა წულუკიანმა მოაწერა. ახლა დგას მისი რატიფიკაციის პრობლემა, რომელიც ევროსაბჭოში აღებულ ვალდებულების თანახმად, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უნდა მოხდეს. შუალედური ანგარიშის მოსამზადებლად თბილისში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი „ოჯახური ძალადობის“ საკითხებში, დუბროვკა სიმონოვიჩი ჩამოვიდა, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის გარდა, საპარლამენტო დონზე შეხვდა „გენდერული საბჭოს“ წევრებს და შესაბამისი ინფორმაცია მოისმინა.“პრაიმნიუსჯორჯია“ „გენდერული საბჭოს“ წარმომადგენელს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გუგული მაღრაძეს ესაუბრა:

-რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა, რის გამოც საქართველოს პარლამეტში სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება გვიანდება?

- გაეროს სპეციალური მომხსენებლი „ოჯახური ძალადობის“ საკითხში, ყველა ქვეყანაში სწავლობს აღნიშნულ საკითხებს და არკვევს, რომელ ქვეყანას რა წარმატებები და პრობლემები აქვს. ჟენევაში არსებობს ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტი „სიდოუ“, რომელიც რეგულარულად ისმენს ანგარიშებს ყველა ქვეყნიდან. ანგარიშებს წარადგენს ქვეყნის ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით საკუთარ ქვეყნებში მუშაობენ. 2014 წელში, ჩვენ ანგარიში წარვადგინეთ, თუ რა გაკეთდა ამ გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, არასამთავრობოებმა კი ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინეს. ამის საფუძველზე კომიტეტმა იმსჯელა, აღნიშნა ის წარმატებები და ნაკლოვანებები, რაც საჭიროა ოჯხური ძალადობის შესასუსტებლად. წარდგენილი მასალების საფუძველზე დადგინდება შუალედური ანგარიში, რა გააკეთა საქართველომ ქალთა უფლებების დაცვისა და მათი დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით. დუბროვნა სიმონოვიჩს მოვახსენეთ რა საკანონმდებლო ინიციატივები განხორციელდა სატმბოლის ხელშეკურილების რატიფიცირებისთვის. კერძოდ, მივიღეთ 11 კანონი, რითაც ჩვენი კანონმდებლობა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდატრებს, რასაც ითვალისწინებს სატმბოლის კონვენციის მოთხოვნები.

-კერძოდ?

-მაგალითად, უწინ ადრეული და იძულებითი ქოწინება რომ ადმინსიტრაციული წესით ისჯებოდა, ახლა ის სისხლის სამართლით დასჯადი გახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც აიძულებს საკუთარ შვილს, თუ სხვა ადამიანს, 18 წლის ასაკამდე ქორწინებაში შევიდეს.

-როცა საუბარია კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე, გამოდის, რომ აქ პირიქით ხდება?

-რაღაც კანონი მკაცრდება, მაგრამ არსებობს საერთაშორისო სტანდატრები, რომელსაც უნდა დაუახლოვდეს კანონმდებლობა. ჩვენ გავამკაცრეთ ის, რომ თუკი, სასწავლო დაწესებულებში ცხადდება ბავშვი, რომელსაც ოჯახური ძალადობის ნიშნები გააჩნია, მასწავლებელი ვალდებულია ამის შესახებ სპეციალურ სამსახურს შეატყობინოს, რაზეც ადრე სანქცია არ არსებობდა. კანონით გამკაცრდა ასევე მშობლის პასუხისმგებლობა ბავშვის აუცილებელი ინტერესების დაკმაყოფილების ვალდებულებებში. ამის გარდა, ჩვენ გავამკაცრეთ სტატისტიკა იმ გაგებით, რომ ადრე ოჯახური ძალადობის მოტვით ჩადენილი მკვლელობები შედიოდა საერთო მკვლელობების რიცხვში, ახლა კი, ცალკე აღირიცხება, რომლის მიზეზ-მოტივებზეც სპეციალური ანალიტიკური ჯგუფი მუშაობს. გაეროს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივები შთამბეჭდავია.

-კანონმდებლობის გარდა, რატიფიციერების პროცესში განიხილება თუ არა, კანონების აღსრულების ობიექტურობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხშირად პრობლემას წარმოადგენს. ხერხდება თუ არა, კანონის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი?

-ამ კუთხით პროგრესია ის, რომ ძალიან გაძლიერდა სამართალდამცავების პასუხისმგებლობა და უფლებები. როდესაც პოლიციელი ადგილზე გადის და ხედავს, რომ ადგილი აქვს ოჯახურ ძალადობას, მას უფლება აქვს, მაშინვე გააცალკევოს მოძალადე ოჯახისგან და გამოწეროს სპეციალური ორდერი, რის საფუძველზეც მოძალადეს ოჯახთან მიახლოება ეკრძალება იმის მიუხედავად, რომ საცხოვრებელი, როგორც უძრავი ქონება შესაძლოა, მისი საკუთარება იყოს. სამართალდამცავებს სისიტემატურად უტარდებათ ტრენინგები, რათა ზუსტად იცოდნენ, რა უფლებები აქვთ კანონით მინიჭებული და როგორ უნდა იმოქმედონ, იგივე ეხება მოსამართლეებს და პროკურორებს. გახსოვთ, ილიას უნივერსიტეტში რომ ქმარმა ცოლი მოკლა, იმ ქალს პოლიციაში ორჯერ ჰქონდა გაცხადებული, რომ შესაძლო იყო მასზე ამ ტიპის თავდასხმა მომხდარიყო, მაგრამ პოლიციამ ეს ოჯახური საქმედ ჩათვალა და რადგან სათანადო ზომები არ მიიღო, უმძიემსი შედეგი მოჰყვა. ოჯახური კი არა, ეს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის პრობლემაა.   

- ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთნ დაკავშირებით, მარტის ბოლოს გამოქვეყნდება. მანამდე კი კომისიის წარმომადგენლებმა პირდად მოსიმინეს პრეტენზიები, რომელიც არასაპრალამენტო თუ საპარალმენტო ოპოზციას გააჩნია. როგორც ცნობილია, თავისი მოთხოვნები აქვს თავად ვენეციის კომისიას. საინტერესოა, მოესწრება თუ არა, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში, თუნდაც ელექტრონული სისტემის შემოღების თაობაზე, რაც „ქართული ოცნების“ 2012 წლის საარჩევნო დაპირებების ნაწილს შეადგენდა? ამის გარდა, საუბარია არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებაზე, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად ითხოვს...

-ვენეციის კომისიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ქვეყანა აირჩევს პროპორციულ, მაჟორიტარულ თუ შერეულ სისტემას, ეს ქვეყნის გადასაწყვეტია და ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს განხილული, როგორც დემოკრატიული სისტემა. შეიძლება, ოპოზიციას მეტი მოლოდინები აქვს, მაგრამ მე არ ველოდები, რაიმე ისე შეიცვალოს, რომ გამოვაცხდაოთ არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარება. მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ კანდიდატის თითოეული ხმა უნდა იყოს თანაბარი წონის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომაც მიგვითითა. ამ მხრივ, ვენეციის კომისიის შენიშვნები გათვალისწინებულია, რომელიც შედის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებში. ოპოზიცია რომ ამბობს, საარჩევნო კოდექსი მიჩეხ-მოჩეხესო, სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გავაკეთოთ ისე, რომ თითოეული საარჩევნო უნაბი 47 ათას ამომრჩეველზე იყოს გათვლილი. საბოლოო ვარიანტში, რომელიც მისაღები გვაქვს, გვჭირდება არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლეოსობის, რამედ უმცირესობის მხარდაჭერაც, რათა რაოდენობრივი უთანასწორობა გავასწოროთ.

-არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ საპარლამენტო უმცირესობა მხარს დაგიჭერთ და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს?

- ისე ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ცვლილებას მხარს დაუჭერს. სხვანაირად, იძულებული ვიქნებით, სპარლამენტო არჩევნები იმ ძველი წესით ჩავატაროთ, რაც ფაქტიურად დარღვევა იქნება. ვენეციის კომისია გვიწონებს, რომ ჩვენ შემოგვაქვს 50%-იანი ბარიერი მაჟორიტარებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მაჟორიტერობის კანდიდატი ვალდებულია, მოაგროვოს  50%+1 ხმა. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბევრი მეორე ტური გვქნება, თუმცა ეს დემოკრატიის მაჩვენებელია.

-კომისიის მხრიდან არის თუ არა ისეთი სახის პრეტენზიები, რაც ეჭვქვეშ დააყენებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და შემდეგ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხს, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია მუდმივად იხსენებს „ქართული ოცნების“ 2012 წლის დაპირებას, რომლის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩვენები ელექტრონული სისტემით უნდა ჩატარებულიყო?

-სხვათაშორის, ვენეციის კომისია ჩვენგან ელოდება ცვლილებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რაზეც პოლიტიკური წინააღმდეგობა არ არსებობს. ეს წმინდა ტექნიკური საკითხია, რასაც შესაბამისი რესურსი და ფინანსები სჭირდება, რომ საქართველოს მასშტაბით არჩევნები ელექტრონული სისიტემით ჩატარდეს, ოქტომბრამდე ეს მოესწრება თუ არა, არ ვიცი. რადგან კომისია ამას გვთხოვს, საჭიროა  ჩვენ დავუსაბუთოთ, რატომ არ შეგვიძლია ამის გეკეთება და დავპირდეთ, რომ ამას გავაკეთებთ. პირადად, მომხრე ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს. „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი ეს არის, რომ ჩვენ დემოკრატიული პრინციპების ნამდვილად  უფრო ერთგულები ვართ, ვიდრე სხვა ნებისმიერი ხელისუფლება ყოფილა საქართველოში. მირჩევნია, 4-5%-ით ზედმეტის აღებას, ჩვენ გვქონდეს გარანტია, რათა შეგვეძლოს განვაცხადოთ, რომ  საპარლამენტო არჩევნები სათანადო დონეზე ჩავატარეთ. ცხადია, ოპოზიცია მაინც ამბავს ატეხავს, მაგრამ ჩვენ მართალი უნდა ვიყოთ.

-„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებისა და მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესების წინამღელვარებას ახლახანს ადგილი უკვე ჰქონდა, სადაც აქტიურად ჩანდა თქვენი პერსონა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტების წევრი. იქნებ, გვითხრათ,  არსებობს თუ არა, მომავალი საპარლამენტო სიების თაობაზე არაოფიციალური შეთანხმებები?

-არავითარი შეთანხმება არ არსებობს. კოალიციაში რამდენიმე პარტიაა და თითოეულს აქვს თავისი დამოუკიდებლობა, საკუთარი სია როგორც უნდა, ისე შეადგინოს. „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომლის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია და მის აზრს გავლენა აუცილებლად ექნება, თუმცა თითოეული კანდიდატის განხილვა საჯარო იქნება. მიმაჩნია, რომ კანდიდატურა ძველიც და ახალიც, უნდა იყოს განხილული, თუ რატომ და რისთვის სჭირდება პარტიას, რა უპირატესობა აქვს სხვასთან შედარებით და ა.შ.  ეს იგივეა, რაც სპორტული შეჯიბრების პრინციპი, ერთი ადამიანი რომ 10 მეტრზე გადახტება და მეორე მასზე მეტ მანძილზე გადახტება, გამარჯვებულად მეორე ითვლება. მიმაჩნია, რომ ასეთი პროცესი დახურული არ უნდა იყოს და ამ შემთხვევაში, პრეტენზიებიც ნაკლები იქნება. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებში ბევრი ახალი სახე უნდა იყოს, მაგრამ ასევე უნდა იყოს რაღაც ბირთვი, რომლის შესახებაც საზოგადოებას მიაჩნია, რომ ამ ადამიანებმა პარლამენტში იმუშავეს და მათ საქმიანობის გაგძელება ქვეყანას წაადგება. წარმოუდგენელია, „ქართული ოცნების“ არჩვენებზე მთლიანად ძველი, ან მთლიანად ახალი სიით გასვლა.

-უკვე იყო ნათვქვამი, რომ საარჩევნო კანდიდატების ძირითადი ნაწილი გამოკვეთილი იქნებოდა გაზაფხულის დადგომამდე, ანუ მას შემდეგ, რაც რაც კოალიციის შეკრება და „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდებოდა. რა უშლის ხელს ამ ყრილობის ჩატარებას?

-ყრილობამდე ჩვენ გვჭირდება შეხვედრები რაიონულ დონეებზე. მართალია, სტრატეგია და ძირითადი აქცენტები შემუშავებულია, თუ რა მესიჯებით უნდა გავიდეთ საპარლამენტო არჩვენებზე. ამ წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისთვის“ დადებითი ის არის, რომ საარჩევნო პროცესი სტაბილურ მდგომარეობაში მიმდინარეობს. არავინ კითხულობს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თუ არა, ადამიანებს აინტერესებთ, ვინ იქნება მეტი და ვინ ნაკლები, რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება იმაზე სტაბილურ ვითარებაში ცხოვრობს, ვიდრე ჩვენ გვახსოვს. თუ 2012 წლის არჩევნებში ფიზიკური სიძნელეები გვქონდა, ახლა სხვა ტიპის სიძნელეები გვაქვს. ჩვენ ვეღარ გამოვიყენებთ სლოგანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვარგოდა და ჩვენ ვარგივართ. ჩვენ მოსახლეობას უნდა ვაჩვენოთ, 4 წლის განმავლობაში რა გავაკეთეთ, რა ვერ გავაკეთეთ, რატომ ვერ გავაკეთეთ და რისი გაკეთების შანსი გვაქვს. მიმაჩნია, რომ ამომრჩევლის პესიმისტური ნაწილი არჩევნებზე არ წავა, მაგრამ ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია წავა თუ არა, მათთან აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვინც ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებთან და გამოწვევებთან გამკლავება შევძელით და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯია გადადგმული.

-ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი იქნება თუ არა, ამომრჩევლის რაოდენობაზე და შესაბამისად მის განწყობებზე ასახული, ან რამდენად ფიქრობთ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება თავად ხელისუფლებისა დემოკრატიულობის ხარისხის თვალსაზრისით კარგს ნიშნავს?

-ფსიქოლოგიაში არსებობს კონტრასტული შეფასება და კონტრასტული აღქმა. როცა მოლოდინი დიდია და შენ საშუალო შედეგს აჩვენებ, ის განიცდება როგორც პატარა. როცა მოლოდინი პატარაა და საშუალო შედეგს აჩვენებ, ის დიდად განიცდება. 2012 წელს, „ქართული ოცნების“ მიმართ მოლოდიები ძალიან მაღალი იყო, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ  4 წელის განმავლობაში ქვეყანაში ყველა ამოისუნთქებდა და უკეთესად იცხოვრებდა. ხშირად მაკრიტიკებენ, სიმართლეს რატომ ამბობო, მაგრამ ახლაც უნდა ვთქვა, ვერავის მივცემთ გარანტიას, რომ  4  და  8 წელიწადში ყველა ადამიანი ისე იცხოვრებს, როგორც მას უნდა და ეკადრება. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს მთავარი: არ უნდა ჰყავდეს ქვეყანაში მოქალაქე, რომელსაც საჭმელი არ გააჩნია, არ უნდა ყავდეს არ შეუძლია ჯანდაცვა და არა აქვს თავშესაფარი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ეკომონიკის ასაღორძინებლად. გულგატეხილ მოსახლეობას უნდა დავანახოთ,რომ მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესების საშუალებები არსებობს და ასევე დავანახოთ, რატომ არ მოხდა მათი წინსვლა. ვიღაცა დაგვიჯერებს, ვიღაცა-არა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ვინც დაგვიჯერებს, ამ ადამიანების რიცხვი მნიშვნელოვანი იყოს.

“პრაიმნიუსჯორჯია“, ხათუნა ხატიაშვილი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე