საქართველოსა და ლატვიის საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 29.09.2015
ნანახია: 1812

29 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურში ხელი მოეწერა საქართველოსა და ლატვიას შორის საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა და ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ინარა პეტერსონემ.

შეთანხმება გულისხმობს ორი სახელმწიფოს საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გადასახადების სწორად და სამართლიანად ადმინისტრირებისთვის. შეთანხმების ამოქმედების შედეგად ასევე უფრო ეფექტურად წარიმართება გადასახადების უკანონოდ შემცირების, გადასახადების გადახდისგან თავის არიდებისა და საგადასახადო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა.

ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის დელეგაცია ინარა პეტერსონეს ხელმძღვანელობით საქართველოს 28 სექტემბერს ეწვია. დელეგაციაში ასევე არიან გენერალური დირექტორის მოადგილეები დაცე პელეკა და აიგარ უნძენსი. 1 ოქტომბრამდე, ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან, რათა ქართველი კოლეგებისგან მიიღონ ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ. თავის მხრივ, ლატვიელი კოლეგები ქართველ ექსპერტებს გაუზიარებენ ევროკავშირთან ჰარმონიზებისა და ინტეგრაციის პროცესებში შეძენილ გამოცდილებას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე