მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბევრად უფრო დიდი ამბიციები აქვს

საქართველო, თბილისი - 11:44 | 16.02.2016
ნანახია: 3417

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ამბიციები ბევრად უფრო დიდია, ვიდრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებაა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა რადიო ”ერას” განუცხადა. მისი თქმით, უკრაინაში მხოლოდ მთელი პოლიტიკური სისტემის შეცვლა სურს.

”მე გაცილებით დიდი ამბიციები მაქვს, ვიდრე ეს სამთავრობო თანამდებობაა. მაქვს მიზანი შევცვალო პოლიტიკური კლასი და თამაშის წესები”, -ციტირებს სააკაშვილის სიტყვებს ”ინტერფაქსი”. მისივე თქმით, მთავრობაში ახალი სახეების მოყვანას და პოლიტიკაში ახალგაზრდებისთვის გზის მიცემას აპირებს.

მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტობაზე კენჭისყრას არ აპირებს. ”კოშმარულ სიზმარშიც კი არ მინდა ამის წარმოდგენა”, - უპასუხა ოდესის გუბერნატორმა უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობას ეხებოდა.

როგორც ცნობილია უმაღლეს რადაში ფრაქცია ”პეტრო პოროშენკოს ბლოკმა” პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის მთავრობის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ადგილობრივი მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პეტრო პოროშენკოს იაცენიუკის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე