ჯანდაცვის სამინისტრო - ქართული ოცნების პოლიტიკური დაპირებების მძევალი

საქართველო, თბილისი - 10:02 | 21.09.2015
ნანახია: 3386

”პრაიმნიუსჯორჯია”, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს, მედიცინის დოქტორს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა

გავრცელებული ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ისევ დეფიციტურია. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და სამომავლოდ რა შედეგებს უნდა ველოდეთ?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, უკვე 5 თვის მონაცემებით, ჰქონდა მნიშვნელოვანი გადახარჯვა. დღეს, 7 თვის მონაცემებით, ამ პროგრამაში 40 მილიონზე მეტი არის გადახარჯვა და მთავრობამ კიდევ ერთხელ დააკორექტირა და გაზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 43 მილიონი ლარით. მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება დარჩენილ 5 თვეშიც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ ეს გადახარჯვა სეზონურობითაა გამოწვეულიო, მაგრამ ჯანდაცვაში ოდნავ ჩახედულმა ადამიანმაც კი იცის, რომ ამ სეზონურობის პიკი ზუსტად ნოემბერ-დეკემბერზე მოდის და არა გაზაფხულზე. სტატისტიკის დეპარტამენტის 2013-2014 წლების ოფიციალურ მონაცემებს მაინც გადახედონ მიმართვიანობის სეზონურობასთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს ახსნად ნამდვილად ვერ გამოდგება. რეალობაა ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ სპეციალისტთა ნაწილი: არასწორი ხედვა და გაუაზრებელი, მოკლევადიან შედეგებზე გათვლილი პოლიტიკა, რომელსაც სამინისტრო ატარებს. დღესდღეობით ჯანდაცვის სამინისტრო იმყოფება ჯანდაცვაზე და სოციალურ სფეროში დაუგეგმავი და გაუთვლელი დანახარჯების ამოვსების რეჟიმში. ჯანდაცვის სამინისტრო და თვითონ მინისტრიც არიან ქართული ოცნების პოლიტიკური დაპირებების მძევლები.

ეს გაუთავებელი ბიუჯეტის კორექტირება, ხარჯების გადათამაშება მეტყველებს არაეფექტურ დაგეგმარებაზე და მცდარ პოლიტიკაზე. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია არანაირი სტრატეგია, რომელიც ხანგძლივ ხედვაზე იქნება დაფუძნებული. არაფერს ვამბობ სოციალურ სფეროში არსებულ ნაკლოვანებებზე, როდესაც სამინისტროს უუნარობისა და არასწორი დაგეგმარების გამო ათობით ათასი სოციალურად დაუცველი დარჩა შემწეობის გარეშე.

არასწორი პოლიტიკის შედეგები უკვე სახეზეა და რაც დრო გავა, უფრო მეტად თავს იჩენს. ეს არის არაკონკურენტული გარემო, უკვე გაჩენილი კორუფციის ელემენტები, სერვისების დაბალი ხარისხი, ინოვაციების დეფიციტი, არაეფექტური მენეჯმენტი, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხის მატება. აი, ესაა შედეგი, რაც მოაქვს ივანიშვილ-სერგეენკოს სოციალისტურ-პოპულისტურ პოლიტიკას.

არაკონკურენტულ გარემოში რას გულისხმობთ?

დღევანდელი სისტემის ერთ-ერთი დიდი შეცდომა არის არაკონკურენტული და ცენტრალიზებული სადაზღვევო სისტემის შექმნა სახელმწიფოს მიერ. მსგავს სისტემაზე უარი თქვა ევროპის ბევრმა ქვეყანამ, რადგან არსად ეფექტური არ გამოდგა. დღევანდელი სიტემები არის უფრო დივერსიფიცირებული. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩვენნაირ ქვეყანას, სადაც სახელმწიფო არის ერთადერთი ძირითადი დამფინანსებელი.  

სახელმწიფოს მიერ მართულმა დღევანდელმა საყოველთაო დაზღვევამ, ცხადია, გავლენა იქონია კერძო სადაზღვევო ბიზნესზე. საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შემდეგ მკვეთრად იკლო კორპორაციული დაზღვევის წილობრივმა მაჩვენებელმა. კორპორაციულ დაზღვევაზე უარი თქვა ბევრმა მაღალი შემოსავლის მქონე პირმაც და, შესაბამისად, ეს ნაწილიც სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვა გაუმართლებელ ხარჯად. შესაძლებელი იყო და გამართლებულიც, რომ ბაზისური პაკეტი დაეფინანსებინა სახელმწიფოს, პრინციპში, როგორც იყო კიდეც ადრე, ხოლო დამატებითი და გაფართოებული სერვისები დაეფინანსებინა კერძო სადაზღვევოებს. აპრობირებული მეთოდია, როდესაც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამას ახორციელებენ კერძო სადაზღვევოები. უპირარტესობა იქნებოდა, ის, რომ კერძო სადაზღვევო უკეთ გააკონტროლებდა ყველა ხარჯს და, ხარჯთეფექტურობის თვალსაზრისით, ეს იქნებოდა უფრო მისაღები მეთოდი. ხარჯთეფექტურობის გარდა, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევნის უფლებაც.

მსოფლიოს სოციალურ დაზღვევაზე ორიენტირებული ქვეყნების გამოცდილება გვეუბნება, რომ უფრო ეფექტურია დივერსიფიცირებული გადამხდელების სისტემის არსებობა, ანუ ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მართვა უნდა განახორციელოს ჯანმრთელობის დაზღვევის ბევრმა კონკურენტულმა კომპანიამ და არა ერთმა სახელმწიფო სადაზღვევო სისტემამ. სახელმწიფოს მიერ მართული სადაზღვევო სისტემა - ეს არის უკანგადადგმული ნაბიჯი, ეს არის გამოცდილელბა, რომელიც ადრე ბევრ ქვეყანაში გაიზიარეს და მის არაეფექტურობაში დარწმუნდნენ.

გარდა კონკურენტული სადაზღვევო სისტემებისა, მსოფლიოში არსებობს სხვა წარმატებული მიდგომებიც, როგორებიცაა ჯანდაცვის დაგროვებითი ფონდები, რისკების გადანაწილება და გათანაბრება. აშშ-ში სახელმწიფოს მიერ მართული ჯანდაცვის ასობით სხვადასხვა სქემაა გავრცელებული და მოსახლეობას აქვს თავისუფალი არჩევნის შესაძლებლობა. არსებობს სინგაპურის მეთოდიც. ყოველ შემთხვევაში, ახალი ველოსიპედის გამოგონება არაას საჭირო. მთავარია პოლიტიკური ნებისა და საღი აზრის ქონა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან დეფიციტია. ნაცვლად ეფექტური პოლიტიკის შემუშავებისა და რეფორმების განხორციელებისა, ჯანდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ეწევა მისთვის ჩვეულ პოპულიზმს და ვითომ რეფორმის ჩასატარებლად ჩამოჰყავს საეჭვო რეპუტაციისა და გამოცდილების მქონე ორგანიზაცია და პირები.

თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს წილი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებაში უნდა იყოს მინიმალური? და თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის სწორად დაგეგმვა?

სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს ჯანდაცვას, მაგრამ ეს დაფინანსება უნდა იყოს დაფუძნებული რეალურ ეკონომიკურ ხედვაზე, მოსახლეობის საჭიროებებზე, მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტის შემოსავლის დონეზე და გათვლილი უნდა იყოს შორსმიმავალ და მყარ შედეგებზე. ჩვენი ეკონომიკის პირობებში, ისეთი დაფინასებისა და ჯანდაცვის სიტემის მოდელი, როგორიც ამჟამინდელმა მინისტრმა, და მოდით პირდაპირ ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ აირჩია, არის სფეროს დაღუპვისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ხშირად მაგალითად მოჰყავთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თუნდაც შვედეთი, სადაც სახელმწიფო მართლაც რომ, ჯანდაცვის სისტემის ძირითადი დამფინანსებელია. მაგრამ მოდით ვიმსჯელოთ რეალურად, შვედეთის ეკონომიკა არის ერთ-ერთი უმდიდრესი მსოფლიოში. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე არის 50000 დოლარამდე, საქართველოში კი - მხოლოდ 4000-მდე. მთლიანად ქვეყნის მშპ არის ჩვენზე 30-ჯერ მეტი და შეადგენს 470 მილიარდ დოლარს. ასე რომ, როდესაც შვედეთს, საფრანგეთს ან სხვა მსგავსი განვითარების ქვეყნებს ვადარებთ საქართველოს ჯანდაცვის სიტემას, ცოტა არარეალურ და არასერიოზულ შედარებას ვაკეთებთ. ავიღოთ სხვა მონაცემიც: ერთ სულზე ჯანდაცვაზე დახარჯული მთლიანი თანხა (ამაში მარტო სახელმწიფო ხარჯები არ შედის), იმავე შვედეთში არის დაახლოებით 5600 დოლარი წელიწადში, საქართველოში - 300 დოლარის ფარგლებში. მგონი, კომენტარი ზედმეტია. ვიმეორებ: ჯანდაცვის დაფინანსება და სისტემა, ზოგადად, უნდა დაიგეგმოს გრძელვადიანი პერსპექტივით, ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და საჭიროებებზე დაფუძნებით. არცერთი ამ პარამეტრიდან არ არის გამოყენებული ჯანდაცვის დღევანდელი მესვეურების მხრიდან.

პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს დანახარჯების ოპტიმიზაცია. არ შეიძლება, მდიდარ და ღარიბ მოქალაქეს სახელმწიფო აფინანსებდეს ერთნაირად. ჩემი თვალსაზრისით, უფრო მიზანშეწონილია დიფერენცირებული მიდგომა და სახელმწიფოს მიერ დიფერენცირებული ვალდებულებების აღება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისადმი, როგორებიცაა სოციალურად დაუცველები, საშუალო შემოსავლის მქონეები თუ მაღალი შემოსავლის მქონე პირები. მარტივად რომ ვთქვათ, რა სისტემა გვაქვს დღეს? იმ ადამიანსაც, რომელსაც აქვს, მაგალითად, 2000 ლარი ხელფასი და იმასაც, რომელსაც აქვს 400 ლარი, სახელმწიფო სთავაზობს „უფასო“ სერვისს (ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან) ვთქვათ რამე 20-ლარიან “X” სამედიცინო მომსახურებაზე. როცა უკვე საქმე მიდგება ძვირადღირებულ მომსახურებაზე, იქ სახელმწიფო არცერთს აღარ უფინანსებს, ან უფინანსებს ისეთი თანაფარდობით, რომ 400-ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანი მაინც ვერ სარგებლობს იმ სერვისით. მაგალითისთვის, შეგვიძლია ავიღოთ ონკოლოგია. ბევრს ჰგონია, რომ ონკოლოგიას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. გადავხედოთ ჩამონათვალს და ვნახავთ, რომ ბევრი ონკოლოგიური ნოზოლოგია საერთოდ არ ფინანსდება, ბევრი კი მხოლოდ ნაწილობრივ, მაგალითად, მხოლოდ ოპერაციული ჩარევა და არანაირი ქიმიოთერაპია, რომელიც ხშირად ოპერაციაზე გაცილებით ძვირი ღირს. არადა, ვისაც 2000 ლარი აქვს ხელფასი, ან თუნდაც 1500, პირობითად ვამბობ, თავისუფლად შეუძლია გადაიხადოს 30-35 ლარი თვეში და დააზღვიოს მთელი ოჯახი. შესაბამისად, ეს ტვირთი სახელმწიფოს ავტომატურად ჩამოშორდება. სამაგიეროდ, გამოთავისუფლებული თანხა შეიძლება მიიმართოს უფრო ძვირადღირებული სერვისების და/ან უფრო მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისების დასაფინანსებლად.

აღარაფერს ვამბობ ფასწარმოქმნაზე. სახელმწიფო აცხადებს, რომ ბევრ ოპერაციაზე ის იხდის ღირებულების 70%-ს. სინამდვილეში, ხშირად ეს 70% არის 50 ან 40%. რადგანაც სახელმწიფო იღებს მინიმალურ ფასს, გასაგებად რომ ვთქვა, თუ რომელიმე რეგიონში, ვთქვათ ხონში ან მარტვილში, რომელიმე “X” საავადმყოფოში, „X” ოპერაცია ღირს 500 ლარი, ხოლო ნებისმიერ სხვა ქალაქში იგივე ოპერაცია ღირს 800 ლარი და ბევრ პროცედურებზე ზუსტად მსგავსი განსხვავებებია, სახელმწიფო აფინანსებს ზუსტად იმ 500 ლარის 70%-ს, რაც შეადგენს 350 ლარს, მაშინ, როცა რეალურად პაციენტს უჯდება 800 ლარი. გამოდის, რომ სახელმწიფომ დააფინანსა 45%-ზე ნაკლები. მგავსი „ეშმაკობები“, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია. ცალკე თემაა მედიკამენტები, რომელსაც სახელმწიფო, ძირითადად, არ აფინანსებს.

გარდა ამისა, სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და პრევენციული მედიცინა. გასაგებია, რომ კარგად გამართული პრევენცია თავის შედეგებს გამოიღებს რამდენიმე წლის შემდეგ. ჩვენთან კი პოლიტიკური სპექტრისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვას კურირებენ დღეს, უფრო ხელსაყრელია მოკლევადიანი, პოპულისტური და არამდგრადი შედეგები, რაც ისევ და ისევ ხელისუფლებაში მოსული ძალების პოლიტიკას უკავშირდება. აქაც მოვიყვან ერთ კონკრეტულ მაგალითს კონკრეტულ დაავადებაზე, ისევ და ისევ შვედეთიდან: მართებულად დაგეგმილმა პრევენციულმა ჯანდაცვამ შედეგად გამოიღო ის, რომ შვედეთში საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა თითქმის ნულამდე დავიდა. საუბარია ავადობაზე, მაშინ, როდესაც ჩვენთან, საქართველოში, ამ დაავადებით გამოწვეულ მაღალ სიკვდილიანობაზე, შორს წასულ სტადიებსა და გვიან გამოვლენაზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, მაღალია მოსახლეობის დანახარჯებიც.

მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე მინისტრი სერგეენკო ხშირად ახსენებს სუბსიდირებას. რამდენად რეალურია და რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ სახელმწიფოს მხრიდან წამლების სუბსიდირება?

სამინისტრო და მინისტრი პირადად არიან დაკავებული მათ მიერ არასწორად გათვლილი ბიუჯეტის კორექტირებით და ნებისმიერი ახალი პრობლემის მოგვარებას ცდილობენ „ჯადოსნური“ სიტყვით - სუბსიდირება. ადრეც მითქვამს, ახლაც გავიმეორებ, რომ სუბსიდირება არის ყველაზე ცუდი გამოსავალი ამ ვითარებაში. ეს არის პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტა, რაც სახელმწიფოს და ისევ და ისევ ჩვენს ჯიბეებს დააწვება მძიმე ტვირთად. საერთოდ, არა მარტო ჯანდაცვის, არამედ სხვა სფეროებშიც მსგავსი ტენდენცია ისახება საქართველოში. ავიღოთ თუნდაც ენერგეტიკა: „შემცირდა“ მიზერულად გადასახადი მოსახლეობის დაახლოებით 10%-ისთვის, ისევ და ისევ პოპულისტური გათვლებით, და 2 წელიწადში უკვე ბევრად მეტად გაგვიძვირდა გადასახადი მოსახლეობის უკვე 100%-ს. ეს ისე, მაგალითისთვის.

საერთოდ, საქართველოს ჯანდაცვაში ბოლო ხანია წესად დამკვიდრდა და დაიწყო აბსოლუტურად გაუაზრებელი პოლიტიკა - სახელმწიფოს მიერ მართული კლინიკები, სახელმწიფოს მიერ მართული დაზღვევა, სახელმწიფოს მიერ რეგულირებული ფასები და ფასწარმოქმნა. არ არის საჭირო, იყო სფეროს ექსპერტი ან ეკონომისტი, რომ მიხვდე, რა საფრთხეებთანაა ეს დაკავშირებული. ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოს მიერ მართულმა ჯანდაცვამ საბოლოოდ რა შედეგები გამოიღო, კარგად გვახსოვს უახლესი ისტორიიდან.

მსგავსი პოლიტიკა და მიდგომა, ვიმეორებ, არის პოპულისტური და გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ჯანდაცვის სფეროს კოლაფსს, რომლის აღდგენასაც რამდენიმე წელიც არ ეყოფა. საერთოდ, დიდი ხანია, პრაქტიკით და მეცნიერულად დადგენილია, რომ ნებისმიერი სფეროს ხელოვნური სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ უარყოფითი გავლენის მომხდენია. ადრეც მითქვამს, იმავე წარმატებით, მაშინ დაარიგოს სერგეენკომ პურის ფქვილზე ან შაქარზე ტალონები, რადგანაც მიმდინარე დევალვაციისა და კრიზის ფონზე კიდევ უფრო გაიზრდება ფასები პირველადი მოთხოვნის პროდუქტებზე. სამწუხაროდ, დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი არიან ქართული ოცნების პოლიტიკური დაპირებების მძევლები და სურვილის შემთხვევაშიც კი, ისინი ვერ გადადგამენ და განახორციელებენ ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ეფექტურ ნაბიჯებს.

”პარიმნიუსჯორჯია”, ესაუბრა ლაშა ნოდია


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე