ციმბირში მაღაროს აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 15:19 | 26.11.2021
ნანახია: 422

რუსეთში, ციმბირში, კემეროვოს ოლქის ქალაქ ბელოვოში მდებარე "ლისტვიჟნაიას" ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 6 მაშველია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რუსეთში დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური კატასტროფა მაღაროში გუშინ მოხდა. მაღაროს სავენტილაციო გვირაბში გაჩენილ ხანძარს და მის შედეგად გამოწვეულ კვამლს პირველი წუთებში 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ოლქის გუბერნატორის თქმით, აფეთქების შედეგად 49 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ყველა მათგანი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროში 46 ადამიანი რჩებოდა, რომელიც გამოსვლას ვერ ახერხებდა. აფეთქების დროს შახტაში 285 მაღაროელი იმყოფებოდა, მათგან 239 ზედაპირზე ამოვიდა.

სამაშველო ოპერაციების მყისიერი დაწყება შეფერხდა, რადგან მაღაროში მეთანის სახიფათო მაღალი დონე დაფიქსირდა, რამაც გამოიწვია შესაძლო აფეთქებების საფრთხე.

26 ნოემბრის დილის მდგომარეობით, სამედიცინო დახმარებას 63-მა პირმა მიმართა, მათგან 13 ამბულატორიულად მკურნალობს. სულ ჰოსპიტალიზებულია 60 ადამიანი, მათ შორის 11 მაშველი. ჰოსპიტალში მყოფთა უმეტესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არ არის პირველი უბედური შემთხვევა ამ მაღაროში, 2004 წელს მეთანის გაზის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

ტრაგიკული ინციდენტის გამო დაკავებულია მაღაროს დირექტორი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე