უკრაინაზე თავდასხმა რუსეთს ძალიან ძვირად დაუჯდება - დმიტრო კულება

საქართველო, თბილისი - 19:06 | 25.11.2021
ნანახია: 318

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთს აფრთხილებს, რომ მის ქვეყანაზე შესაძლო თავდასხმა გამოიწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ დანაკარგებს და ეს მას ძალიან ძვირად დაუჯდება.

„ჩვენ არ ვცდილობთ გამოვიცნოთ, რა აქვს პუტინს თავში, გვინდა იცოდეს, რომ უკრაინაზე კიდევ ერთი თავდასხმა ძვირად დაუჯდება და სჯობს  ეს არ გააკეთოს“, - განაცხადა კულებამ ბრიფინგზე. მისი თქმით, კიევის მიზანია შეაკავოს რუსეთის შემდგომი აგრესიული ქმედებები.

„ამისთვის მოსკოვმა მკაფიოდ უნდა შეიგნოს, თუ რა პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანური დანაკარგები მოყვება მისი აგრესიის ახალ ეტაპს“, - განმარტა მინისტრმა.

უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების გადაადგილებისა და უკრაინის ტერტორიაზე შეჭრის საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ევროკავშირი, აშშ და ნატო.

კრემლი ტრადიციულად უარყოფს ბრალდებას და აცხდებს, რომ უკრაინაში შეჭრის განზრახვა არ აქვს.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

უკრაინამ წლის დასაწყისში მიიღო ამერიკული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსები Javelin, რამაც მოსკოვის განრისხება გამოიწვია. ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში თავისი მრჩევლების, ასევე დამატებითი შეიარაღების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.

ასევე შეერთებულმა შტატებმა უკრაინის საზღვაო ძალების შავ ზღვაში გაძლიერების მიზნით, კიევს ორი საპატრულო კატარღა გადასცა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე