საქართველოს პრეზიდენტმა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 14:52 | 28.09.2015
ნანახია: 1863

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ხელმოსაწერასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ, ჟურნალისტებს ბრიფინგზე გააცნო.

გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ხელს მოაწერს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში პროკურატურის რეალური რეფორმა დაიწყება.

 „საქართველოს პრეზიდენტის მიერ არაერთხელ გაცხადდა სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის სრულფასოვანი რეფორმირების აუცილებლობის თაობაზე, ასევე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და მაღალპროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული პროკურატურის მნიშვნელობის შესახებ.

 უდავოა, რომ პროკურატურის სისტემაში რეალური და სიღრმისეული რეფორმების გატარების აუცილებლობის თაობაზე საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი.

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, რაც წარმოდგენილია ხელმოსაწერად, არსობრივად მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს ადგენს.

პროკურატურის სისტემის რეფორმირებასთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს პროკურატურის სტატუსი და ადგილი სახელისუფლებო ორგანოთა სისტემაში, სრულყოფილად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი პროკურატურის ინსტიტუციური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პირობები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე