ამ ბილბორდებს შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს აღარასდროს უნდა დავაბრუნოთ - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 16:53 | 21.09.2021
ნანახია: 442

ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ე.წ. "სისხლიან ბანერებთან" დაკავშირებით განაცხადა.

"აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ ბილბორდებთან დაკავშირებით. მე კი ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. მე ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, ხოლო ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, ეს წამალივითაა, რომ ყველამ კარგად შევხედოთ ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ, და გავიხსენოთ, რა არ გვინდა, რადგან წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ, წარსული არასდროს არავინ უნდა დაივიწყოს. არც ცუდი და არც კარგი, ვფქირობ, ამ ბილბორდებს აქვს თავისი ძალიან დიდი დანიშნულება, ვისაც არ მოგვწონს, შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთო. ვისაც მოსწონს, ის შეხედავს და გაუხარდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისში 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა ბანერები წარწერით "არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!", სადაც გამოსახულები არიან გუბაზ სანიკიძე, ნიკა მელია, ნოდარ მელაძე, ზურაბ ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი გახარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე