„შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია“ - გოგი თოფაძე ბოდიშს იხდის

საქართველო, თბილისი - 15:05 | 04.02.2016
ნანახია: 1967

დეპუტატმა გოგი თოფაძემ მისი გუშინდელი განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა. თოფაძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ მისი სიტყვები საზოგადოებაში არასწორად იქნა აღქმული.

„გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორად იყო აღქმული. მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალ „დრო მშვიდობაში“ სათაურით  „ნიჩურტა! - მე ქართველი ვარ“ იქნა გამოქვეყნებული და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ  მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა.

ჩემთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის მარგველაშვილის ამგვარი სიტყვები შეურაცმყოფელია. არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია  და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი. აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც მან ქართველი ერი შეურაცხყო. ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ,"- ნათქვამია განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე