საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 11:32 | 04.02.2016
ნანახია: 1508

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სახდელის დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხი საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივა არ ყოფილა. ამასან დაკავშირებით, საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის შემოღებას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის. სოციალურ ქსელებშიც და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ, მიაჩნიათ რა, რომ მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის "ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა," რაც რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. 
რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან მიმართებაში მომავალ სამშაბათს საქართველოს საპატრიარქოში ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების სამუშაო შეხვედრა იგეგმება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" დასჯადი ხდება. კომიტეტზე განხილვისას, კანონპროექტში შესწორებები შევიდა და შემდეგი ფორმულირება მიიღო - "პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს".

კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი - სოსო ჯაჭვლიანი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე