აგვისტო საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 28.09.2015
ნანახია: 1819

 

აგვისტო საბანკო სექტორმა, როგორც მას სჩვევია მოგებით დაასრულა, აღნიშნულია თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის საქართველოს საფინანსო სექტორის უახლეს მიმოხილვაში.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 9.8 მლნ ლარი შეადგინა (უკვე წლებია ბანკების ყოველწლიური მოგება ასეულობით მილიონ ლარს შეადგენს). უკანასკნელი მონაცემებით გაზრდილია ბანკებიდან გაცემული სესხების მოცულობაც. კერძოდ, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 1.4 %-ით (78.2 მლნ ლარით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულის კი 2.5 %-ითაა (239.3 მლნ ლარით) გაზრდილი. თუმცა აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი პირიქით 0.4%-თაა შემცირებული.

„შეუჩერებლად იზრდება კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების მაჩვენებელი, რომელმაც აგვისტოში ივლისთან შედარებით 300 მილიონი ლარით, ანუ 1.3 %-ით გაიზარდა და 24 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელიწადში საბანკო აქტივები გაზრდილია 3-ჯერ (8-დან 24 მილიარდ ლარამდე). მხოლოდ 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე კომერციული ბანკების ჯამური აქტივები გაიზარდა 23%-ით, რაც მათ შესანიშნავ მდგომარეობაზე და ბაზარზე არსებული სიტუაციების იდეალურ გამოყენებაზე მიუთითებს. თუმცა მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ქართული კომერციული ბანკების უდიდესი უმრავლესობა ჯერ კიდევ შორს დგას სოციალური პასუხისმგებლობის გათავისებისგან და კონცენტრირებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისი შემოსავლების მაქსიმიზაციაზე, რაც გარკვეული უსამართლობის გრძნობას წარმოშობს მათ მომხმარებლებში“,- აცხადებენ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე