თბილისი სკანდინავიური ტურისტული ასოციაციის წევრი გახდა

საქართველო, თბილისი - 19:32 | 17.06.2021
ნანახია: 714

თბილისი სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების – Nordic Tourism Collective წევრი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორგანიზაციის წევრებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს, ვებინარზე თბილისის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები წარუდგინა.

„ტურიზმი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ეკონომიკური სექტორია. თბილისის მერია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულების განვითარებისათვის და ჩართული იყო ტურიზმის სექტორის აღდგენის პროცესში, სხვადასხვა ტიპის კამპანიების სახით, როგორებიცაა: სემინარები და სამუშაო შეხვედრები ტურიზმის და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ სექტორებში დასაქმებული პირებისათვის; ქუჩის კვების ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“, მედიატურები საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალისტების, ბლოგერებისა და „ინფლუენსერებისათვის“ და ა.შ. გარდა ამისა, დაფინანსდა 400-მდე კვების ობიექტი, რათა მათ აქტიურად და შეუფერხებლად განაგრძონ ოპერირება პანდემიის შემდგომ პერიოდში. ვაქცინირებულ მოგზაურთათვის თბილისი ევროპის 15 საუკეთესო მიმართულებას შორის პირველ ადგილზეა და მზად არის მიიღოს ვიზიტორები და უზრუნველყოს მათთვის უსაფრთხო გარემო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგულაციებისა და პროტოკოლის დაცვით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების ძირითად საქმიანობას წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბ2ბ და საპრომოციო ღონისძიებები, ტურისტული პროდუქტებისა და რესურსების ცნობადობის გაზრდა, ახალი პროდუქტების შექმნა და წახალისება წარმოადგენს.

„Nordic Tourism Collective- ის წევრობით თბილისი ავტომატურად ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ტურისტული ასოციაციის – ETOA წევრი (European Tourism Association), რომელიც საერთაშორისო ბრენდებს, მიმართულების მართვის ორგანიზაციებს, მსხვილ ტუროპერატორებს აერთიანებს და ზრუნავს მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე ევროპის მასშტაბით. Nordic Tourism Collective და ETOA-ს წევრები არიან მსხვილი ტურისტული ორგანიზაციები ევროპის ქვეყნებიდან, რაც განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს თბილისის პოპულარიზაციას ევროპის სამიზნე ბაზრებზე.

მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება ონლაინ B2B ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ადგილობრივი და სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული კომპანიების ურთიერთწარდგენა და მათ შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარება. გარდა ამისა, 2022 წლიდან თბილისში სკანდინავიური კერძო კომპანიების ინფო ტურების და ბ2ბ ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე