სახალხო დამცველთან გულღია და გულითადი საუბარი გვქონდა - მეუფე იაკობი

საქართველო, თბილისი - 13:01 | 17.06.2021
ნანახია: 491

ცოტა ხნის წინ, საპატრიარქოს უნივერსიტეტში დასრულდა შეხვედრა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს შორის.

მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დადებითად შეაფასა სახალხო დამცველთან შეხვედრა და თქვა, რომ "გულითადი და გულღია საუბარი ჰქონდათ".

"ჩვენ გვქონდა ძალიან გულღია, გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები რაზეც იყო საუბარი და ზოგადად სიტუაცია. და შევთანხმდით იმაზე, რომ სახალხო დამცველი და მე შემდეგი კვირის ბოლოს ალბათ, ერთად ჩავალთ პანსიონში.

ჩვენ რომ შევხვდით, გულითადი საუბარი გვქონდა და პრეტენზიები არ ყოფილა. სიტუაცია უცბად შეიქმნა და მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი, უბრალოდ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავავროთ ასეთი დაძაბული სიტუაცია. უკვე აღარც არის დაძაბული, თქვენ თუ არ დაგვიძაბავთ ჟურნალისტები", - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

თავის მხრივ, სახალხო დამცველმაც პოზიტიურად შეაფასა მეუფე იაკობთან შეხვედრა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მომავალ კვირას მთავარეპისკოპოსთან იაკობთან ერთად ნინოწმინდის პანსიონს ეწვევა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაიწყებენ დაწესებულებაში შესვლას.

სახალხო დამცველის განცხადებით, შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა, სადაც ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შემდგომი მოვლენები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება.

"ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა, მონიტორინგი ჩავატაროთ ისე, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და ასე ვთქვათ, მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ შესვლას", - თქვა ნინო ლომჯარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე