სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას შევა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 17.06.2021
ნანახია: 462

ცოტა ხნის წინ, საპატრიარქოს უნივერსიტეტში დასრულდა შეხვედრა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს შორის.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მომავალ კვირას მთავარეპისკოპოსთან იაკობთან ერთად ნინოწმინდის პანსიონს ეწვევა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაიწყებენ დაწესებულებაში შესვლას.

სახალხო დამცველის განცხადებით, შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა, სადაც ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შემდგომი მოვლენები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება.

"ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა, მონიტორინგი ჩავატაროთ ისე, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და ასე ვთქვათ, მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ შესვლას", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

თავის მხრივ, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დადებითად შეაფასა სახალხო დამცველთან შეხვედრა და თქვა, რომ "გულითადი და გულღია საუბარი ჰქონდათ".

"ჩვენ გვქონდა გულღია, გულითადი საუბარი და პრეტენზიები არ ყოფილა. სიტუაცია უცბად შეიქმნა და მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი, უბრალოდ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავასრულოთ ასეთი დაძაბული სიტუაცია. უკვე აღარც არის, თქვენ თუ არ დაგვიძაბავთ ჟურნალისტები", - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე