ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე ისტერიკული პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ ზარალის მიყენება უნდათ ეკლესიისათვის - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 17:33 | 16.06.2021
ნანახია: 495

ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე ისტერიკული პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ ზარალის მიყენება უნდათ ეკლესიისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

"თუ კი რაიმე გადახრა არსებობდა, რა საკვირველია, პირველმა ამის წინააღმდეგ უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა. მაგრამ ის სკანდალური, ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ სიმართლის დადგენა კი არ უნდა ვინმეს, ზარალის მიყენება უნდათ ეკლესიისათვის", - თქვა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი მადლობას უხდის მეუფე სპირიდონს და მის საქმიანობას კეთილსინდისიერსა და თავდადებულს უწოდებს.

"მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებიან. ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებული იქნა, არის ჩვენი საზოგადოების საზრუნავი, მაგრამ აქ განსხვავებულობა არ უნდა იყოს. სახალხო დამცველს, ეკლესიის და სახელმწიფოს წარმომადგენელს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს - ბავშვის ინტერესები უპირველეს ყოვლისა", - თქვა გია ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე