მხატვარი, რეჟისორი და მწერალი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 22:36 | 06.06.2021
ნანახია: 924

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი რევაზ გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძე 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „სერენადა“ (1968), „არ დაიდარდო“ (1969), „ქვევრი“ (1970), „ფეოლა“ (1970), „შერეკილები“ (1973), „მიმინო“ (1977), „ქინძაძა“ (1987) და სხვა.

1981 წელს რევაზ გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა. რეზო გაბრიაძის თეატრი არაერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში.

2010 წელს გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.

2004 წელს გაბრიაძემ დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“, რომელშიც ჩიტოს როლი ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა შეასრულა, ხოლო ერმონიის – ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი „ჯოფრი–ბალეტის“ დასის ყოფილმა სოლისტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე