თბილისის მერიაში ხეების მოვლისა და ჭრა-ფორმირების თემაზე ტრენინგი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:56 | 01.02.2016
ნანახია: 1495

თბილისის მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ინიციატივით ხეების მოვლისა და ჭრა-ფორმირების თემაზე ერთკვირიანი ტრენინგი დაიწყო. ტრენინგში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურისა და რაიონული გამგეობების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სწავლება „კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENNორგანიზებითა და „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის“ (ADC) დაფინანსებით ტარდება.

მერიის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია ხეების მოვლის არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრა და ღონისძიებების ჩატარებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვა. გამგეობების თანამშრომლები, რომლებიც შიდა კვარტალურ გზებზე არსებული ნარგაობის მოვლა-პატრონობის ზედამხედველობას ახორციელებენ, მიიღებენ რეკომენდაციებს ნარგავების მოვლისა და ხეების სწორად მოჭრის სამუშაოების ერთიანი სტანდარტით წარმოებასთან დაკავშირებით.

ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის თქმით, 2015 წელს შემუშავებული ხეების მოვლისა და სხვლა–ფორმირების ერთიანი წესი მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს იმ ადამიანებს, ვისაც ნარგავების ჭრა-ფორმირების სამუშაოების ჩატარებაზე მონიტორინგი ევალება.

„2015 წელს შიდა კვარტალურ ტერიტორიებზე არსებული ხეების მოვლა-პატრონობა გამგეობების კომპეტენციაში გადავიდა, მათ მიერ სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ჩვენ დავგეგმეთ პრაქტიკული სწავლების ერთკვირიანი კურსი, რომელიც სპეციალისტებს საჭირო პრაქტიკულ რეკომენდაციებს მისცემს, კვალიფიციური მიდგომა კი მწვანე ნარგავების მაქსიმალურ შენარჩუნებასა და მათი მდგრადობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა სულხანიშვილმა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატებს მიიღებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე