დმანისში ინციდენტი დღეს ამოიწურა, მხარეები შერიგდნენ - გომელაური

საქართველო, თბილისი - 22:19 | 17.05.2021
ნანახია: 534

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში ინციდენტი ამოწურულია, დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ, თუმცა ვითარების კონტროლის მიზნით, ადგილზე დარჩებიან პოლიციური ძალები.

მისივე თქმით, მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის არც ერთი პირი დაკავებული არ არის, მიმდინარეობს გამოკითხვები.

„დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები, გამოკითავენ და გამოვუშვებთ, თუმცა გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული მომავალში, ეს დღეს არ ვიცით. დაკავებული არავინ იქნება, გამოიკითხებიან და გამოუშვებენ“, – აღნიშნა გომელაურმა.

მისი თქმით, ადგილზე პოლიციური ძალები დარჩებიან. 

„რაც შეეხება იმ ინციდენტს, რაც მოხდა ქვემოთ, 5-6 ლოკაციაზე იყვნენ პოლიციელები განაწილებული და სამწუხაროდ, არა მხოლოდ დმანისიდან ჩასულები, თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა ვითარება და მოხდა შეხლა-შემოხლა. როგორც ვიცი, ასევე დაზიანდნენ ჟურნალისტები, ამაზეც, რა თქმა უნდა, ერთობლივი, დიდი გამოძიებაა დაწყებული, ერთი საქმეა გამოყოფილი და ამის ფარგლებში იქნება გამოკვლეული. რაც შეეხება თვითონ თემას, ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე, შერიგდნენ, იმედია აღარ გაგრძელდება. რაღაც მასშტაბით, რა თქმა უნდა, პოლიციურ ძალებს ვტოვებთ, არა როგორც ჩვეულებრივ დროს არის ხოლმე, დამატებითი ძალები დარჩებნიან და იქნება კონტროლი. “, – განაცხადა გომელაურმა.

დაპირისპირება დმანისში გუშინ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის მხრიდან ლუდის "ნისიად" შეძენაზე უარის თქმა გახდა, რის გამოც მეპატრონეს სცემეს.

დღეს დილიდან დმანისში დაძაბულობა განახლდა. დღის განმავლობაში მოქალაქეთა ჯგუფები ერთმანეთს ქალაქის სხვადასხვა ადგილსა და შესასვლელში რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე