ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა ვიცხოვროთ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ - სოზარ სუბარი

საქართველო, თბილისი - 21:21 | 17.05.2021
ნანახია: 726

ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც გუშინ მოხდა და დღეს გაგრძელდა, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა დმანისში განვითარებული მოვლენების შესახებ განაცხადა.

„ყველა არის ერთ აზრზე, ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც გუშინ მოხდა და დღეს გაგრძელდა. პრაქტიკულად ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ყველას კარგად აქვს ეს შეგნებული. ამიტომ, სათქმელი ითქვა, ყველა ერთ აზრზეა. მინდა, შერიგების ნიშნად, ხელი ჩამოართვათ ერთმანეთს, რაც სიტყვიერად უკვე გაკეთებული იყო. ხალხსაც მოვუწოდოთ, რომ დაწყნარდნენ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება, აწყობდეს ვითარების ესკალაცია, ზოგს პოლიტიკური ნიშნით, ზოგს რაღაც სხვა მიზნები აქვს და ნუ მივცემთ მათ გახარების საშუალებას, რადგან გავიმეორებ, ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა ვიცხოვროთ ყოველთვის ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ, ხელი ჩამოვართვათ ყველამ ერთმანეთს“, – განაცხადა დმანისში მყოფმა სოზარ სუბარმა.

დაპირისპირება დმანისში გუშინ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის მხრიდან ლუდის "ნისიად" შეძენაზე უარის თქმა გახდა, რის გამოც მეპატრონეს სცემეს.

დღეს დილიდან დმანისში დაძაბულობა განახლდა. დღის განმავლობაში მოქალაქეთა ჯგუფები ერთმანეთს ქალაქის სხვადასხვა ადგილსა და შესასვლელში რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე