საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 19:54 | 17.05.2021
ნანახია: 763

საბერძნეთის ქალაქ ეროსში 36 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მისი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც კაცი საბერძნეთის დატოვებას და ბულგარეთში გადასვლას ცდილობდა.

ბერძნული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ის საბუთების შესამოწმებლად გააჩერეს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, გლიკა ნერაში მოხდა. მძარცველები მფრინავის სახლში შეიჭრნენ და 20 წლის ქეროლაინ ქრაუჩი ყაჩაღობისას გაგუდეს. სახლში ცოლ-ქმარი და მათი 11 თვის ჩვილიც იმყოფებოდა. ქმარი ყვება, რომ მას ხელები შეუკრეს და სხვა ოთახში გაიყვანეს. ერთ-ერთმა მძარცველმა კი ქალი ჩვილის თვალწინ იმ დროს მოკლა, როდესაც ის მძარცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. მძარცველმა ესროლა დამხმარე ქალსა და ძაღლს, რომელიც პატრონის დახმარებას ცდილობდა. 

გამოძიების ვარაუდით, ძარცვაში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი მონაწილეობდა.

იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდები დაკავებული ქართველის ბიოლოგიურ მასალას დაემთხვევა, მას სასტიკი მკვლელობისა და ჯგუფური ყაჩაღობისთვის მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებული კიდევ ერთ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. სავარაუდოდ, ის მონაწილეობდა მოხუცი ცოლ-ქმრის დაყაჩაღებაში, რომლებიც ფულის გამოძალვის მიზნით აწამეს. გამოძიება დნმ-ის შედეგებს ელოდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე