ქვეყნის მტრობაა, ვინც ამბობს, რომ დმანისში დაპირისპირება არის ეთნიკური საკითხი - გომელაური

საქართველო, თბილისი - 15:50 | 17.05.2021
ნანახია: 503

ყველა დაისჯება სრული სიმკაცრით, ვინც დაარღვია კანონი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი ვინ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მტერია, ვინც ამბობს, რომ ეს ეთნიკური თემაა, რომლის გაღვივებასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

ძალიან სამწუხაროა, რაც გუშინ მოხდა. გუშინვე დავიწყეთ გამოძიება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი ვინ იქნება, ყველა დაისჯება სრული სიმკაცრით, ვინც დაარღვია კანონი. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. რატომღაც ვიღაცები ცდილობენ, არ მინდა, რომელიმე ძალები და ჯგუფები ვახსენო, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის თემას. აზერბაიჯანელები და ქართველები ჩვენი მოქალაქეები არიან. ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები. ამასთან, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მოკავშირეა, მეზობელია და ჩვენი მეგობრები არიან. ეს არ უნდა დავუშვათ. ქვეყნის მტრობაა, ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა და უნდა, რომ გაღვივდეს, გამწვავდეს. ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, გამოძიება დაწყებულია და ახლა რამდენიმე პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.

გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად დმანისში დღეს ჩავიდა.

გუშინ დმანისში, ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ჯგუფურ ძალადობაში გადაიზარდა. დაპირისირება დღესაც გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე