ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს - ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:37 | 19.04.2021
ნანახია: 377

"სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში შესასვლელად ემზადება. პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სტრატეგია აღმაშენებელმა უნდა გამოიყენოს საერთო შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა.

"ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, რაც გამომდინარეობს კომპრომისის ბუნებიდან, შესაძლებელია ყველამ ერთად ვაქციოთ დიდი შემობრუნების, დიდი ცვლილებების გარდამტეხ წერტილად.

ჩვენ ამ ბრძოლაში გვაქვს ორი მთავარი ფაქტორის მხარდაჭერა:

1. ეს არის ჩვენი მოქალაქეები და მათი ურყევი ნება, იცხოვრონ თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოში;

2. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რომ საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო.

შეთანხმება თავისი ბუნებიდან გამომდინარე გულისხმობს კომპრომისებს და სწორედ ამიტომ წარმოდგენილი ხუთ პუნქტიანი დოკუმენტი სულაც არ არის იდეალური. მას გააჩნია ხარვეზები, მაგრამ ერთობლიობაში შეთანხმება ქმნის პირობებს ქართული ოცნების სწრაფად და ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით ჩამოშორებისთვის.
მე მესმის, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში ემოციური დამოკიდებულებების, ასევე კარგად მესმის იმ ჯგუფების, რომლებიც გარკვეული მაქსიმებით ხელმძღვანელობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ ჩემი და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის მოტივაცია შეთანხმების მიღწევაზე მომდინარეობს შექმნილი რეალობის არა ემოციური და რადიკალური, არამედ რეალური და პრაგმატული აღქმებიდან.

მეგობრებო, ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ქართულ ოცნებასთან, როგორც უდიდეს უსამართლობასთან ბრძოლის ყველა საშუალება და რაც მთავარია, გამარჯვებამდე შევქმნათ გამარჯვებისთვის საჭირო წინაპირობები.

ის, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მოტივით დევნა და უნდა გათავისუფლდნენ ამ მოტივით დაკავებული ადამიანები, არის ძალიან მნიშვნელოვანი;

ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ვაქციოთ ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ჩამოშორების დიდ სამოქალაქო მოძრაობად;

ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო და დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა;

ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელი საარჩევნო სისტემა;

დიახ, სწორედ ამაზე შეთანხმება არის გამარჯვების მიღწევის წინაპირობა.

მეგობრებო, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საწყის ეტაპზე, შეუძლებელი ჩანდა 9 აპრილის კომუნისტ ჯალათებთან რამეზე შეთანხმება, მაგრამ იმ დროინდელი ლიდერების ჯგუფის პრაგმატულმა ქცევამ, რომ დაეყოლიებინათ კომუნისტური პარტია მრავალპარტიულ არჩევნებზე, შექმნა თავისუფლების მოპოვებისთვის და გამარჯვებისთვის გადამწყვეტი პირობები.

დიახ, მეგობრებო დღეს საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ კომუნისტურ და ბოლშევიკურ სულისკვეთებას. შესაბამისად, ჩვენ ან ვიპოვით კრიზისიდან გამოსავალს შეთანხმების გზით, ან უკომპრომისო და შეურიგებელი ქმედებებით კიდევ ერთხელ, ეჭვქვეშ დავაყენებთ თავისუფლებას და ჩვენ სახელმწიფოებრიობას, რითაც ისარგებლებს არა ჩვენი მოქალაქეები, არამედ მტრული სახელმწიფო, რომელზეც არა ერთხელ მიგვითითეს ამერიკის სენატის და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.

დიახ, აღნიშნული შეთანხმება გამარჯვება არ არის, მაგრამ არსებულ ვითარებაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის გამარჯვებისთვის", - ამბობს ვაშაძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე