ნატო ავღანეთიდან ჯარების გაყვანას 1-ლი მაისიდან დაიწყებს

საქართველო, თბილისი - 10:28 | 15.04.2021
ნანახია: 474

გუშინ გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მინისტერიალზე ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რომ "მტკიცე მხარდაჭერის მისია" სრულდება და ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესს 1-ლი მაისიდან დაიწყებენ.

ნატო-ს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განცხადება, ავღანეთიდან ჯარების 11 სექტემბრამდე გაყვანის შესახებ.

"იმის გათვალისწინებით და აღიარებით, რომ ავღანეთის წინაშე არსებული გამოწვევების სამხედრო გზით გადაჭრა არ არსებობს, მოკავშირეებმა დაადგინეს, რომ პირველ მაისამდე დავიწყებთ "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ძალების გაყვანას. ეს იქნება მოწესრიგებული, კოორდინირებული და გამიზნული. ჩვენ ვგეგმავთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში დასრულდეს აშშ-ს და მტკიცე მხარდაჭერის მისიის ძალების სრულად გაყვანა", - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.

ნატო-ს მოკავშირეები გამოვიდნენ გაფრთხილებით თალიბანის მიმართ, რომ ჯარების გაყვანის პროცესში ნებისმიერ თავდასხმას უმკაცრესი და ძალისმიერი რეაგირება მოჰყვება.

ალიანსის წევრებმა პატივი მიაგეს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" მონაწილეობისას დაღუპულთა ხსოვნას.

"მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ფარგლებში ავღანეთში ჯარები განთავსებული ჰყავს შეერთებულ შტატებს, ნატო-ს წევრებსა და მის რამდენიმე პარტნიორ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს.

ნატო-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, გრაფიკის მიხედვით, ავღანეთს ქართველი სამხედროებიც დატოვებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე