კომპანია "ტრანსფორდის" განცხადება

საქართველო, თბილისი - 20:05 | 28.01.2016
ნანახია: 1610

ბატონი ივანე ჩხარტიშვილის წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გვსურს, განვაცხადოთ შემდეგი: ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ მსგავს პროვოკაციულ, არაკომპეტენტურ განცხადებებზე რეაგირება მოვახდინოთ. რადგან ოპონენტის გეგმის ნაწილია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მხოლოდ იმის გამო ვპასუხობთ აღნიშნულ განცხადებას.

ჩხარტიშვილის ადვოკატის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება კვლავ ემსახურება კონკრეტულ გეგმას, მოხდეს ჩვენი, როგორც მოპასუხე მხარის განეიტრალება და საზოგადოებაში ბატონი ჩხარტიშვილის იმიჯის კარგად წარმოჩინება.

ჩვენი გუშინდელი განცხადება ცხადყოფდა, რომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი მოსამართლე გიორგი სულაკაძისა და ვანო ჩხარტიშვილის შესაძლო გარიგების თაობაზე, დღევანდელი თავდასხმის საფუძველი სწორედ ეს განცხადება გახდა.

საზოგადოებამ კარგად იცის ვანო ჩხარტიშვილის წარსული, მისი შემოქმედება ქართველი ხალხის "ძარცვის შესახებ", აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონის ფარგლებში ვაგრძელებთ დავას და დაველოდებით შედეგებს, რომელსაც გამოიტანს სასამართლო და ასევე კანონიერად დამდგარი შედეგების მიხედვით გავაგრძელებთ დავას.

ნიშანდობლივია, რომ კანონის უზენაესობის მქონე ქვეყანაში (დიდ ბრიტანეთში) ვანო ჩხარტიშვილმა უკვე წააგო საქმე, სადაც იგი ინგლისელმა მოსამართლემ ქონების მიმთვისებლად სცნო. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილის მცდელობა თავი მსხვერპლად წარმოაჩონოს, ნებისმიერ სამართლებრივ დავაში, უბრალოდ კომიკურია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე