საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 08:26 | 28.09.2015
ნანახია: 1894

დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

წმინდა იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამებთან ერთად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო. წმ. იოსები ღვთის ნებით კახეთს, იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო იმ ხის ჯვარისგან, რომელზედაც უფლი აწამეს.

ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით იმ მიდამოებში სანადიროდ იყო გასული. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ალავერდის უდაბნოში ტაძარს ააშენებდა და საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს.

მალე წმ. იოსების ღვაწლით ამ მხარეში ურწმუნოება აღმოიფხვრა და ღვთისმსახურება განმტკიცდა. წმინდა მამა თავისივე აშენებულ ალავერდის ტაძარშია დაკრძალული. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე