"გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვანო ჩხარტიშვილსა და მოსამართლე გიორგი სულაკაძეს შორის გარკვეული გარიგება არსებობს"

საქართველო, თბილისი - 18:37 | 27.01.2016
ნანახია: 1448

კომპანია "ტრანსფორდის" ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, "ფოთის საზღვაო ნავსადგურის", კომპანია "ტრანსფორდისა" და "რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს" საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ვანო ჩხარტიშვილსა და მოსამართლე გიორგი სულაკაძეს შორის გარკვეული გარიგება არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ასეთ აშკარა დარღვევას ვერ გაბედავდა.

"საქმე გვაქვს სრულიად კურიოზულ ვითარებასთან. მოსამართლე არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას. საქმე ეხება ფოთის სასამართლოს 2015 წლის სექტემბრის განჩინებას, რომლითაც ორი საქმე გაერთიანდა. ფოთის სასამართლომ წარმოებაში მიიღო და გაიერთიანა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძის წარმოებაში არსებული საქმე. ასეთ შემთხვევაში კანონით სასამართლოებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე არ დაიშვება. მოსამართლე სულაკაძე ვალდებული იყო უპირობოდ გადაეგზავნა საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში, ვინაიდან საქმეს ნომერი არ გააჩნია. ფოთის სასამართლომ გაერთიანებულ საქმეს ახალი ნომერი მიანიჭა. აქედან გამომდინარე, მოსამართლე არ ასრულებს კანონის მოთხოვნას, ხელს უშლის ფოთის საქალაქო სასამართლოს მუშაობას. ამასთან, მან მანამდე კანონის მოთხოვნათა სრული დარღვევით, ორი საქმე გააერთიანა.

დღეს საქმე გვაქვს იმგვარად, რომ მოსამართლე არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვითონ არღვევს კანონს. ამის თაობაზე მოპასუხე მხარემ მიმართა როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე პროკურატურას, ვინაიდან ეს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 381–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა. უკანასკნელი წლებში დარღვევების ფონზეც კი ეს არის სრულიად დაუჯერებელი და კურიოზული შემთხვევა", – განაცხადა ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, თუ მოსამართლე გიორგი სულაკაძე 3 თებერვალს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების - "ჯეესკო" და "პრომეტკო ჯორჯიას" სასარჩელო მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მოპასუხე მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"არსებობს სააპელაციო ინსტანცია, საკასაციო ინსტანცია, არსებობს კიდევ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ყველა ჩვენს ხელთ არსებულ მექანიზმს გამოვიყენებთ, რათა სამართალი დადგინდეს", - აღნიშნა ადვოკატმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე