ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილება 3 თებერვალს გამოცხადდება

საქართველო, თბილისი - 15:41 | 27.01.2016
ნანახია: 1591

 ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების სარჩელზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება 3 თებერვალს გამოცხადდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის - "ფოთის საზღვაო ნავსადგურის", კომპანია "ტრანსფორდისა" და "რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს" წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საქმე. სასამართლო პროცესებზე კი მხოლოდ იმიტომ იმყოფებიან, რომ დარღვევები დააფიქსირონ და მასზე რეაგირება მოახდინონ. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ მოსამართლე გიორგი სულაკაძის აცილების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა, თუმცა სულაკაძემ ადვოკატების მოთხოვნა არც ამჯერად დააკმაყოფილა.მოპასუხე მხარის ადვოკატებმა პროცესზე ასევე განაცხადეს, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ლონდონში გამართული სასამართლო პროცესი წააგო, რომელიც "ჯეესკოსა" და "პრომეტკო ჯორჯიას" ჩხარტიშვილისადმი კუთვნილების საკითხს განიხილავდა. ადვოკატების განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილს არ გააჩნია არანაირი საფუძველი იყოს ამ კომპანიების ბენეფიციარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ მამუკა ღვინიაშვილის მიერ პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რომ კომპანიებს საიჯარო ხელშეკრულება ჩხარტიშვილის პოლიტიკური დევნის გამო შეუწყვიტეს, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

ვანო ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების "ჯეესკოსა" და "პრომეტკო ჯორჯიას" ადვოკატმა მამუკა ღვინიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო ჩხარტიშვილის მიერ გასაჩივრდა. ამდენად, ჯერ საკითხი, თუ ვის ეკუთვნის კომპანიები "ჯეესკო" და "პრომეტკო ჯორჯია" დაზუსტებული არ არის. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე